თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა გასულ ღამით ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი. არსებული ვერსიით, ის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა. დაჭრილი პირი ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და შესაბამის დახმარებას იღებს.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მათ ღამით ხმაური, კერძოდ კი ჩხუბისა და სროლის ხმები შემოესმათ. შემთხვევა იმ ბინაში მოხდა, სადაც გარდაცვლილი ცხოვრობდა და სადაც ინციდენტის მომენტში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც დანაშაულის კვალს სწავლობენ და დეტალებს ადგენენ.

სამართალდამცველებს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური დეტალები ჯერ არ გაუვრცელებიათ. მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რათა დადგინდეს, რა გარემოებებში მოხდა დაპირისპირება და ვინ არიან მასში მონაწილე პირები.