სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ოჯახური კონფლიქტი ტრაგედიით დასრულდა. ცოლ-ქმარს შორის დაწყებულ დაპირისპირებას, რომლის დროსაც მამაკაცი მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა, მეზობელი ქალის გარდაცვალება მოჰყვა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მეუღლეთა შორის კონფლიქტი მაშინ გამწვავდა, როდესაც ქალმა დახმარება ითხოვა. ხმაურზე მეზობელი მივიდა, რომელმაც დაპირისპირებაში ჩარევა და სიტუაციის განმუხტვა სცადა. სწორედ ამ პროცესში ქალი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება. უწყების ცნობით, სავარაუდო მიზეზი ნერვიულობის ნიადაგზე განვითარებული გართულებაა.
სამართალდამცავებმა მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. პოლიციამ მამაკაცი მეუღლეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დააკავა.
გამოძიება ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, რათა დადგინდეს კონფლიქტის ყველა დეტალი და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.