აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა რამდენიმე საათით გადაიდო. პრეზიდენტის თქმით, ამის მიზეზი ისრაელის მიერ ბეირუთზე განხორციელებული საჰაერო დარტყმა გახდა, რამაც დაგეგმილი პროცესი შეაფერხა.
ტრამპმა Axios-თან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ შეთანხმების გაფორმება უკვე უნდა მომხდარიყო, თუმცა ისრაელის ქმედებებმა ვითარება სრულად შეცვალა. პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მკაცრად გააკრიტიკა და მომხდარს „დაუჯერებელი“ უწოდა.
„რისთვის დასჭირდა ბიბის ასეთი წყეული თავდასხმა? ძალიან გავბრაზდი. ვუთხარი ამის შესახებ. განსჯის უნარი აღარ აქვს“, — განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც მხარეები ხელმოწერისთვის ემზადებოდნენ.
ირანის პოზიცია კვლავ უცვლელია: თეირანი მოითხოვს, რომ ომის შეჩერების ნებისმიერი შეთანხმება ლიბანში მიმდინარე პარალელურ კონფლიქტსაც მოიცავდეს. ლიბანში ისრაელი „ჰეზბოლას“ სამიზნეებს უტევს, რომელსაც ირანი უჭერს მხარს. ეს დაჯგუფება ისრაელთან ომში მას შემდეგ ჩაერთო, რაც თებერვლის ბოლოს ირანზე აშშ-მა და ისრაელმა იერიში მიიტანეს.
14 ივნისს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრა კაცმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, სამხედრო ძალებმა ჰეზბოლას პოზიციები „ჰეზბოლას“ მხრიდან ისრაელის ტერიტორიაზე გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ დაბომბეს. ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე განხორციელებულ თავდასხმას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ვითარება რეგიონში უკიდურესად დაძაბულია და ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები, მიაღწიოს შეთანხმებას, უშუალოდ უკავშირდება ისრაელის სამხედრო ოპერაციებს ლიბანში. თეთრი სახლი ამ ეტაპზე დიპლომატიური არხებით ცდილობს შექმნილი კრიზისის განმუხტვას.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.