აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მიმართულ ახალ სამხედრო ზომებზე ისაუბრა. Fox News-თან სატელეფონო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ შესაძლოა, ირანის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ელექტროსადგურებისა და ხიდების დაბომბვის ბრძანება გასცეს.

ტრამპის თქმით, ირანულ მხარეს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, მიეღწია შეთანხმებისთვის და თავი აერიდებინა ამგვარი შედეგებისთვის. პრეზიდენტის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე, სიტუაცია გამწვავებულია.

„შეიძლება, გავაგრძელო. მათ ჰქონდათ შანსი, ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე და გადარჩენილიყვნენ“, — აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე, თეთრი სახლის ლიდერმა ირანის საგარეო პოლიტიკა და მოლაპარაკებების პროცესი გააკრიტიკა. ტრამპის შეფასებით, ირანმა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად ზედმეტად დიდი დრო დაკარგა, რისთვისაც ახლა „ძვირად გადაიხდიან“.

ამჟამინდელი დაძაბულობა ვაშინგტონსა და თეირანს შორის რეგიონული უსაფრთხოების კუთხით კრიტიკულ ფაზაშია. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმა ირანის ეკონომიკურ მდგრადობას მნიშვნელოვნად შეარყევს.

პრეზიდენტის ეს განცხადება ადასტურებს, რომ აშშ მზად არის, მაქსიმალური წნეხის პოლიტიკა გააგრძელოს, სანამ ირანი არ დათანხმდება ვაშინგტონის პირობებს. საერთაშორისო თანამეგობრობა მოვლენების შემდგომ განვითარებას ყურადღებით აკვირდება.