დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რეიჩელ რივსმა ზაფხულის პერიოდისთვის ეკონომიკური შეღავათების პაკეტი წარადგინა. ინიციატივა მიზნად ისახავს ოჯახებისთვის დასვენების ხარჯების შემცირებას და „Great British Summer Savings“-ის კამპანიის ფარგლებში ხორციელდება.

რა იცვლება ზაფხულში?

ივლისის ბოლოდან 1-ელ სექტემბრამდე, გასართობ ობიექტებზე, მათ შორის თემატურ პარკებსა და ზოოპარკებში დღგ (VAT) 20%-დან 5%-მდე შემცირდება. შეღავათი ასევე გავრცელდება ბავშვებისთვის ბილეთებზე კინოთეატრებში, თეატრებსა და გასართობ ცენტრებში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში 16 წლამდე მოზარდებისთვის ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება. გარდა ამისა, 100-ზე მეტ დასახელების საკვებ პროდუქტზე იმპორტის გადასახადი შემცირდება, რაც, მთავრობის გათვლებით, სურსათზე ფასების ზრდის ტემპს შეანელებს.

ეკონომიკური კონტექსტი და კრიტიკა

ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, აღნიშნული ზომების განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტს 1.8 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება. თუმცა, ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის (IFS) დირექტორის, ჰელენ მილერის განცხადებით, ეს ნაბიჯი თითოეულ ბრიტანულ ოჯახს საშუალოდ მხოლოდ 10 გირვანქამდე დანაზოგს მოუტანს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მთავრობის გადაწყვეტილებას სკეპტიკურად შეხვდნენ. მათი თქმით, ეს „მცირე ცვლილებებია“ იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობა ენერგომატარებლების გაძვირებისა და საცხოვრებელი სახლების შენახვის ხარჯების ზრდის გამო მძიმე მდგომარეობაშია.

ირანში მიმდინარე კონფლიქტის გამო გლობალური მიწოდების ჯაჭვები დარღვეულია, რაც გაერთიანებულ სამეფოში საწვავისა და სურსათის ფასების ზრდას იწვევს. ბრიტანეთის მთავრობა ცდილობს, ამ ნაბიჯებით საზოგადოების მხარდაჭერა შეინარჩუნოს და ეკონომიკური დღის წესრიგი კვლავ თავის კონტროლქვეშ მოაქციოს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოჯახებმა ერთად გაატარონ დრო და არ იფიქრონ მომდევნო გადასახადებზე“, - განაცხადა რეიჩელ რივსმა.

ინდუსტრიული გაერთიანება „UK Hospitality“-ის შეფასებით, დღგ-ს შემცირება პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა ისინი მთავრობას მოუწოდებენ, ეს ზომა გრძელვადიან პოლიტიკად აქციოს, რათა დარგმა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდეს.