ბრიტანელმა მეცნიერებმა სოკოს ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც აგრესიულად მოზარდ ინვაზიურ ხავსს ანადგურებს. აღმოჩენა, რომელიც მეცნიერებმა „მკვლელ სოკოდ“ მონათლეს, შესაძლოა, გარემოს დაცვის ისტორიაში იშვიათი და წარმატებული შემთხვევა გახდეს, როდესაც ბუნება თავად ებრძვის შემოჭრილ მავნე სახეობებს.

სოკოს არსებობის შესახებ პირველი კვალი დოქტორმა ჯორჯ გრეიფმა ოთხი წლის წინ, უაიტის კუნძულზე აღმოაჩინა. კლდეებზე მან მკვდარი ხავსის ლაქები შეამჩნია, თუმცა თავდაპირველად მიზეზის დადგენა ვერ შეძლო. ხანგრძლივი კვლევისა და დნმ-ის ანალიზის შემდეგ, ბრიტანელმა და ფრანგმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ საქმე გვაქვს აქამდე უცნობ სოკოსთან, რომელიც სპეციფიკურად „heath-star“-ის ტიპის ხავსს ერჩის.

რატომ არის ეს ხავსი საშიში?

„heath-star“ ხავსი ბრიტანეთში გასული საუკუნის 40-იან წლებში გამოჩნდა და სწრაფად გავრცელდა. ის იმდენად აგრესიულია, რომ არა მხოლოდ ტყეებსა და დიუნებზე, არამედ ასფალტზეც კი იზრდება. მისი სწრაფი გამრავლება ადგილობრივ, ბუნებრივ ხავსებს ანაცვლებს, რაც საფრთხეს უქმნის ისეთ მნიშვნელოვან ჰაბიტატებს, როგორიცაა ტენიანი სანაპირო ტყეები და ტორფნარები.

„ეს არის იშვიათი მაგალითი იმისა, თუ როგორ იწყებს ბრიტანული გარემო თავდაცვას. ჩვენ მიჩვეული ვართ სოკოებს ნეგატიურ კონტექსტში განვიხილავდეთ, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ნამდვილ დამხმარესთან“, — ამბობს დოქტორი გრეიფი.

მკვლევრები ამ სოკოს „ბიოლოგიურ კონტროლს“ უწოდებენ. განსხვავებით ადამიანური ჩარევებისაგან, რომლებიც ხშირად ძვირადღირებული და ნაკლებად ეფექტურია, ეს სოკო ბუნებრივად, ყოველგვარი დამატებითი რესურსის გარეშე, ასუფთავებს ადგილს ახალი მცენარეებისთვის. მეცნიერების დაკვირვებით, სოკოს მოქმედების ზონებში უკვე შეინიშნება ჰეთერის (heather) ახალი ყლორტები, რომლებსაც მანამდე ხავსი ზრდის საშუალებას არ აძლევდა.

სამომავლო პერსპექტივები

მეცნიერები ამჟამად მუზეუმებში დაცულ ისტორიულ ნიმუშებს სწავლობენ, რათა ზუსტად გაარკვიონ, როდის და როგორ გაჩნდა ეს სოკო ბრიტანეთში. მიუხედავად იმისა, რომ სოკო ნათესაურ კავშირშია იმ სახეობასთან, რომელმაც ბრიტანეთში მილიონობით იფნის ხე გაანადგურა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის საფრთხეს არ უქმნის სხვა მცენარეებს.

„ეს არის შესაძლებლობა, გადავარჩინოთ უნიკალური ხავსიანი ლანდშაფტები, რომლებიც მრავალი მწერის, მოლუსკისა და სხვა მცენარის სახლია“, — აცხადებს დოქტორი ნათან სმიტი. კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს ბრიტანეთის ბიომრავალფეროვნების აღდგენას, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დეგრადირებულად ითვლება.