ჯონ მაკფოლი, პროფესიით ქირურგი და პარალიმპიური თამაშების მედალოსანი, კოსმოსში გაფრენილი პირველი შშმ პირი გახდომის მოლოდინშია. ბრიტანეთის მთავრობასა და ამერიკულ კერძო კოსმოსურ კომპანია Vast-ს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ მაკფოლის კოსმოსური მისიის დაფინანსების შესაძლებლობა გააჩინა.
მაკფოლი, რომელმაც 19 წლის ასაკში მოტოციკლეტის ავარიის შედეგად ფეხი დაკარგა, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) 2022 წელს შეარჩია სპეციალური კვლევისთვის. პროექტის მიზანი ფიზიკური შეზღუდვის მქონე ასტრონავტების კოსმოსში მუშაობის შესაძლებლობების შესწავლაა.
მისიის ფარგლებში მაკფოლი კვლევებს ჩაატარებს ადამიანის ფიზიოლოგიაზე, კუნთოვანი სისტემის ადაპტაციასა და მიკროგრავიტაციაში პროთეზების ეფექტიანობაზე. ის ასევე შეისწავლის, თუ როგორ ინარჩუნებს ადამიანი წონასწორობასა და მოძრაობის უნარს კოსმოსურ სივრცეში.
მიუხედავად იმისა, რომ მაკფოლი აღიარებს, კოსმოსში გაფრენა გარანტირებული არ არის, ის პროცესს ოპტიმისტურად უყურებს. მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება, რომლითაც დადასტურდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ხანგრძლივი მისიისთვის შესაფერისია.
მკაცრი მომზადება და გამოცდილება
მაკფოლის თქმით, კოსმოსური მოგზაურობისთვის მზადება ინტენსიურ ტრენინგებს მოითხოვს. ეს მოიცავს როგორც თეორიულ კურსებს ფიზიკასა და ბიოლოგიაში, ისე პრაქტიკულ წვრთნებს ველურ ბუნებასა და ზღვაში გადარჩენის მიმართულებით.
„პარალიმპიურ თამაშებზე ასპარეზობამ და ქირურგად მუშაობამ, სადაც გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაა საჭირო, გამომიმუშავა ის უნარები, რაც კოსმოსში მუშაობისთვის აუცილებელია“, — განაცხადა მან BBC-სთან ინტერვიუში.
საინტერესოა, რომ მაკფოლის შვილები მამის კოსმოსურ მისიაზე განსაკუთრებული მიზეზით არიან აღფრთოვანებულები. მან პირობა დადო, რომ თუ კოსმოსში გაფრინდება, ოჯახი ძაღლს აიყვანს, რასაც ახლა უკვე ვეღარ გადათქვამს.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.