ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ მსოფლიოს ყველაზე იშვიათი პრიმატების გადარჩენის შანსები მკვეთრად შეამცირა. კვლევის თანახმად, გასული წლის ნოემბერში, ოთხდღიანი უწყვეტი წვიმებისა და მეწყერების შედეგად, ტაპანულის ორანგუტანების პოპულაციის დაახლოებით 7% დაიღუპა.

სულ რაღაც 800-მდე ინდივიდისგან შემდგარი სახეობისთვის ეს დანაკარგი კატასტროფულია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სტიქიამ სულ მცირე 58 ორანგუტანი იმსხვერპლა. ეს რიცხვი სავარაუდოდ უფრო მაღალია, რადგან კვლევაში არ არის გათვალისწინებული ჰაბიტატის განადგურება და საკვები რესურსების შემცირება.

ციკლონმა „სენიარმა“, რომელიც გასული წლის ნოემბერში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას დაატყდა თავს, 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს რეგიონში ბოლო პერიოდის ყველაზე დამანგრეველი ბუნებრივი კატასტროფა იყო. ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლები იხსენებენ, რომ სტიქიის ზონაში, კერძოდ პულო პაკატის სოფელში, მათ ორანგუტანის გვამიც იპოვეს, რომელიც ნანგრევებში იყო ჩამარხული.

ბორნეოს ფიუჩერსის მმართველი დირექტორი, პროფესორი ერიკ მეიჯაარდი, რომელიც კვლევის ავტორია, აცხადებს, რომ ტყეში არსებული ვითარება „ჯოჯოხეთური“ იყო. მისი თქმით, მასიური მეწყერების დროს, როდესაც ჰექტრობით ტყე იშლება, პრიმატებს გადარჩენის არანაირი შანსი არ აქვთ.

გადაშენების საფრთხე

ტაპანულის ორანგუტანი, რომელიც მეცნიერებმა მხოლოდ 2017 წელს აღმოაჩინეს, გადაშენების პირასაა. კვლევები აჩვენებს, რომ თუ სახეობა წლიურად პოპულაციის 1%-ზე მეტს დაკარგავს, ეს მის სრულ გაქრობას გამოიწვევს. ბოლო სტიქიის შედეგად დაფიქსირებული 7%-იანი დანაკარგი კი ამ ზღვარს მნიშვნელოვნად აღემატება.

პროფესორი სერგეი ვიჩი, ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის პრიმატოლოგი, აღნიშნავს, რომ ეს მოვლენა სახეობისთვის აუტანელი დარტყმაა. მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ციკლონი, მიუხედავად მისი ანომალიური ხასიათისა, ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების პირდაპირი შედეგია.

რა ზომებს იღებს ინდონეზია?

სტიქიის შემდეგ, ინდონეზიის მთავრობამ ბატანგ ტორუს დაცულ ტყეში მნიშვნელოვანი სამშენებლო და სამრეწველო პროექტები დროებით შეაჩერა. საუბარია სამთო-მომპოვებელ, პალმის ზეთის წარმოებისა და ჰიდროენერგეტიკულ პროექტებზე, რაც მკვლევრებს ეკოლოგიური რისკების უკეთ შეფასების შესაძლებლობას აძლევს.

Getty Images

ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ამ სახეობის გადასარჩენად აუცილებელია კოორდინირებული საერთაშორისო მხარდაჭერა. „ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ უმაღლესი პრიმატების სახეობის პირველი თანამედროვე გადაშენება, თუ გავაძლიერებთ დაცვის მექანიზმებსა და ფინანსურ დახმარებას“, — აცხადებენ კვლევის ავტორები.