ინგლისში, წითელი ციყვების გადასარჩენად უნიკალური პროექტი ამოქმედდა. Upper Coquetdale Red Squirrel Group-მა (UCRSG) 18 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის გრანტი მიიღო, რომელიც 50 მოძრაობაზე რეაგირებადი CCTV კამერის შესაძენად იქნება გამოყენებული.

მოწყობილობები ნორთამბერლენდის ყველაზე მიუვალ ტერიტორიებზე განთავსდება. პროექტის მთავარი მიზანია, ე.წ. „ვირტუალური რეინჯერების“ დახმარებით წითელი ციყვების გავრცელების არეალის ზუსტი რუკის შედგენა. მოხალისეები პირდაპირ ეთერში აკვირდებიან კადრებს და აფიქსირებენ ნებისმიერ საფრთხეს, რომელიც ამ იშვიათ სახეობას ემუქრება.

UCRSG-ის ხელმძღვანელი იან გლენდინინგი აღნიშნავს, რომ ინიციატივა ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის თხოვნით დაიწყო. მათთვის, ვისაც ფიზიკური აქტივობა უჭირს, ეს შესაძლებლობაა, გახდნენ ბუნების დამცველები სახლიდან გაუსვლელად.

Ian Glendinning

წითელი ციყვების პოპულაცია ინგლისში კრიტიკულ ზღვარზეა. მთავარ საფრთხეს ჩრდილოეთ ამერიკიდან შემოჭრილი რუხი ციყვები წარმოადგენენ. ისინი არა მხოლოდ უფრო აგრესიულები და მსხვილები არიან, არამედ ატარებენ ვირუსულ დაავადებას — ციყვების ყვავილს, რომელიც რუხი ციყვებისთვის უვნებელია, წითელი ციყვებისთვის კი მომაკვდინებელია.

პროექტის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები ექსპერტებს საშუალებას მისცემს, სტრატეგიული კონსერვაციული ზომები ზუსტად იმ ადგილებში გაატარონ, სადაც საფრთხე ყველაზე დიდია. ადგილობრივი საკრებულოს წევრი სტივენ ბრიჯეტი ამბობს, რომ ეს პროექტი საზოგადოებას ბუნების დაცვის პროცესის ცენტრში აყენებს.

Ian Glendinning

პროექტი ორი წელია გათვლილი და სრულად აფინანსებს ინფრასტრუქტურას, მათ შორის ლეპტოპებს ვიდეოების დასამუშავებლად და მოხალისეთა სამგზავრო ხარჯებს. მონაწილეობის მისაღებად მოხალისეებს მხოლოდ მობილური ტელეფონი ესაჭიროებათ. მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მიუხედავად იმისა, ცხოვრობს თუ არა ის უშუალოდ ნორთამბერლენდში.

PA Media

მოხალისეები პერიოდულად გაავრცელებენ საუკეთესო კადრებს ინტერნეტში, რაც საშუალებას მისცემს ნებისმიერ ადამიანს, თვალი ადევნოს ტყის საიდუმლო ცხოვრებას და წითელი ციყვების ყოველდღიურობას.