ვირჯილ ვან დაიკმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები გააკრიტიკა. ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანი უკმაყოფილოა მატჩების დროს დაწესებული წყლის შესვენებებით, რომლებიც, მისი თქმით, თამაშის რიტმს არღვევს.

ნიდერლანდებისა და იაპონიის 2:2 დასრულებული დაპირისპირების შემდეგ, ლივერპულის ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ პაუზების ავტომატური გამოყენება მიუღებელია. ვან დაიკის აზრით, თითოეული შეხვედრა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და მსგავსი გადაწყვეტილებები მხოლოდ ექსტრემალური სიცხის შემთხვევაში უნდა მიიღებოდეს.

„ვფიქრობ, ეს პაუზები კარგი არ არის. ტურნირის თითქმის ყველა მატჩს ვუყურე და არ მომწონს თამაშის მუდმივად შეჩერება. ეს განსაკუთრებით სარეკლამო პაუზების შთაბეჭდილებას ტოვებს,“ - განაცხადა ფეხბურთელმა.

ვან დაიკი აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ თამაშის ხშირი წყვეტა ნეგატიურად აისახება მაყურებელზე, რომელიც მატჩს ტელევიზიით ადევნებს თვალს. მისი თქმით, ფეხბურთი დინამიკური სპორტია და ზედმეტი პაუზები მის სანახაობრივ მხარეს აზიანებს.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე ჯერჯერობით მხოლოდ 1 ქულა აქვს. ჯგუფს 3 ქულით შვედეთი ლიდერობს, რომელთანაც რონალდ კუმანის გუნდი გადამწყვეტ შეხვედრას 20 ივნისს, თბილისის დროით 21:00 საათზე გამართავს.