ტექნოლოგიურ სექტორში ახალი, საკამათო იდეოლოგია იკრებს ძალას. ე.წ. „AI მემკვიდრეები“ (AI successionists) თვლიან, რომ ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის ბუნებრივი მემკვიდრეა და მისი გაბატონება სამყაროს განვითარების ლოგიკური დასასრულია.
ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ დახურულ სიმპოზიუმზე, სადაც მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური ლაბორატორიების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები, საუბარი არა ხელოვნური ინტელექტის ადამიანის სამსახურში ჩადგომაზე, არამედ მის მიერ კაცობრიობის სრულად ჩანაცვლებაზე მიმდინარეობდა.
ევოლუციის ახალი საფეხური
მოძრაობის მომხრეები თვლიან, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უფრო ზნეობრივი და ეფექტური არსება გახდება. მათი აზრით, მცდელობა, შევზღუდოთ ტექნოლოგია ადამიანური ფასეულობებით, შეცდომაა. პირიქით, ჩვენი მიზანი უნდა იყოს „ღირსეული მემკვიდრის“ შექმნა, თუნდაც ეს კაცობრიობის გადაშენების ფასად დაგვიჯდეს.
იდეოლოგიის ფესვები 2022 წელს გააქტიურებულ „ეფექტური აქსელერაციონიზმის“ (e/acc) მოძრაობაშია. მისი დამფუძნებელი, გიიომ ვერდონი, ღიად აცხადებს, რომ სამყაროს სწრაფვა უფრო ინტელექტუალური სისტემებისკენ გარდაუვალია და ჩვენი ვალია, დავეხმაროთ მას ამ პროცესში.
სიმპოზიუმის მონაწილეებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი მხარს უჭერს ტრანსჰუმანიზმს — ადამიანისა და ტექნოლოგიის შერწყმას, რათა შევქმნათ „Homo sapiens 2.0“. მეორე ნაწილი კი უფრო რადიკალურია და მიიჩნევს, რომ ადამიანის ბიოლოგიური არსებობის დასასრული სავსებით მისაღებია, თუკი ჩვენი სული და ცოდნა ციფრულ ფორმატში გააგრძელებს არსებობას.
პოლიტიკური გავლენა
ეს იდეები აღარ არის მხოლოდ „სილიკონის ველის“ ფანტაზიები. მოძრაობას ჰყავს გავლენიანი მხარდამჭერები, მათ შორის ინვესტორები და ტექნოლოგიური გიგანტების ხელმძღვანელები. ისინი აქტიურად ცდილობენ გავლენა მოახდინონ სახელმწიფო პოლიტიკაზე და ქმნიან დამოუკიდებელ სტრუქტურებს, რომლებიც დემოკრატიული კონტროლის მიღმა დარჩება.
კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჰუმანიზმის კლასიკური მოდელი, რომელიც ადამიანს ცენტრალურ ადგილს ანიჭებს, ამ ახალი გამოწვევების წინაშე უძლურია. აუცილებელია ახალი ფილოსოფიის ჩამოყალიბება, რომელიც პასუხს გასცემს კითხვას: რა გვსურს, რომ გავხდეთ, როგორც სახეობა, ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში?






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.