პროგრამისტი და ღია კოდის პროექტების ავტორი მიგელ გრინბერგი რადიკალურ ზომებს მიმართავს. ის აცხადებს, რომ აღარ მიიღებს იმ pull request-ებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის (LLM) მიერ არის გენერირებული. გრინბერგის თქმით, მას არ სურს, საკუთარი დრო და ენერგია მანქანების მიერ შექმნილი „კოდის ნაგვის“ შემოწმებაში დახარჯოს.

გრინბერგი კორი დოქტოროუს მიერ შემოტანილ ტერმინს - „უკუ-კენტავრებს“ იყენებს იმ ადამიანების აღსანიშნავად, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მითითებებს უსიტყვოდ ასრულებენ. თავად ავტორი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ როლს და ამბობს, რომ მისი მიზანი ხარისხიანი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაა და არა მანქანური კოდის რედაქტირება.

გრინბერგის ახალი წესების მიხედვით, ნებისმიერმა მსურველმა, ვისაც პროექტის გაუმჯობესება სურს, ჯერ საკითხი „issue“-ს სახით უნდა დააყენოს და ავტორთან შეათანხმოს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გრინბერგი დაადასტურებს ცვლილების საჭიროებას, იქნება შესაძლებელი კოდის წარდგენა.

ავტორი განმარტავს, რომ ეს მიდგომა მას საშუალებას აძლევს, გაარჩიოს რეალური, დაინტერესებული მონაწილეები და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული უსახური შემოთავაზებები. გრინბერგისთვის, რომელიც წლების განმავლობაში სიამოვნებას იღებდა საზოგადოებასთან თანამშრომლობით, დღევანდელი რეალობა, სადაც ხარისხი რაოდენობამ ჩაანაცვლა, იმედგაცრუების მომგვრელია.

ღია კოდის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ

გრინბერგი სვამს კითხვას: აქვს თუ არა აზრი ღია კოდის პროექტების განვითარებას, როდესაც ადამიანები საკუთარი ინტელექტუალური ძალისხმევის ნაცვლად, ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს ფულს უხდიან კოდის გენერირებისთვის? ის შიშობს, რომ ეს ტენდენცია პროგრამირების, როგორც შემოქმედებითი პროცესის, გაუფასურებას იწვევს.

«თუ მხოლოდ LLM-ის დახმარებით შეგიძლიათ კოდის წერა, ნუ დახარჯავთ დროს ჩემს პროექტებზე. უბრალოდ აღწერეთ პრობლემა თქვენი სიტყვებით და მე თავად მოვაგვარებ მას», — წერს გრინბერგი.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მიიჩნევს, ამ მიდგომით ავტორი შესაძლოა სასარგებლო შესწორებებს კარგავდეს, გრინბერგი მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე. ის ამჯობინებს, პროექტის ხარისხი თავად აკონტროლოს, ვიდრე გახდეს იმ სისტემის ნაწილი, სადაც მანქანები კარნახობენ, რა და როგორ უნდა შეიცვალოს პროგრამულ უზრუნველყოფაში.