2025 წლის 12 ივნისს აჰმედაბადიდან აფრენილი Air India-ს Boeing 787 Dreamliner-ი აფრენიდან რამდენიმე წამში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფამ 260 ადამიანის, მათ შორის ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების სიცოცხლე იმსხვერპლა. ტრაგედიიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, გამოძიება კვლავ აქტიურ ფაზაშია.

კაპიტან სუმით საბჰარვალის მამა, 90 წლის პუშკარ რაჯ საბჰარვალი, მედიაში გავრცელებულ ვერსიებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ის ვალდებულია დაიცვას შვილის რეპუტაცია, რომელიც თავად ვერ შეძლებს საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. მამა, რომელიც თავადაც ავიაციის უსაფრთხოების ყოფილი ოფიცერია, მომხდარს „აუტანელ დანაკარგს“ უწოდებს.

ინდოეთის თვითმფრინავების ავარიების გამოძიების ბიუროს (AAIB) მიერ გასულ წელს გამოქვეყნებულმა წინასწარმა ანგარიშმა აჩვენა, რომ აფრენის შემდეგ ორივე ძრავის საწვავის კონტროლის გადამრთველები „run“-დან „cut-off“ პოზიციაზე გადავიდა. კაბინის ჩანაწერებში ისმის დიალოგი, სადაც ერთი პილოტი მეორეს ეკითხება, თუ რატომ გამორთო საწვავის მიწოდება, რაზეც მეორე უარყოფით პასუხს სცემს. გამომძიებლებს ამ დრომდე არ დაუდგენიათ, ვინ წარმოთქვა ეს ფრაზები.

აფრენის დროს თვითმფრინავს მეორე პილოტი კლაივ კუნდერი მართავდა, ხოლო კაპიტანი საბჰარვალი პროცესს აკონტროლებდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა საერთაშორისო მედიასაშუალებამ, წყაროებზე დაყრდნობით, კაპიტანი დაადანაშაულა, ინდოეთის პილოტთა ასოციაციებმა ეს ინფორმაცია მწვავედ გააკრიტიკეს. AAIB-მაც კი უწოდა მსგავს პუბლიკაციებს „უპასუხისმგებლო“ და „გადაუმოწმებელი“.

საქმე ინდოეთის უზენაეს სასამართლომდეც მივიდა. სასამართლოს განცხადებით, წინასწარ ანგარიშში არ არსებობს მინიშნება კაპიტნის ბრალეულობაზე და „არავის აქვს უფლება, მას დააბრალოს მომხდარი“.

პუშკარ რაჯ საბჰარვალი იხსენებს შვილის კარიერულ გზას: სუმითი 30-წლიანი სტაჟის მქონე მფრინავი იყო, რომელსაც 15 600 საათზე მეტი ჰქონდა ნაფრენი, აქედან 8 600 საათი სწორედ Boeing 787-ზე. ოჯახისთვის ეს ტრაგედია ორმაგად მძიმეა, რადგან სუმითი მალე პენსიაზე გასვლას და მამის მოვლას გეგმავდა.

ამჟამად ოჯახი, ისევე როგორც დაღუპულთა ახლობლები და ავიაციის ექსპერტები, გამოძიების საბოლოო დასკვნებს ელოდებიან. პუშკარ რაჯი ამბობს, რომ შვილის ხსოვნა და რეპუტაცია მისი ერთადერთი საზრუნავია, თუმცა სიმართლის ძიება მისთვის ფსიქოლოგიურად უკიდურესად რთულია.