ინდოეთის სასკოლო პროგრამაში შემავალ მეცხრეკლასელთა სახელმძღვანელოში მომხდარი ინციდენტი, რომელიც უძველესი არტეფაქტის დამახინჯებას უკავშირდება, ოფიციალური ცვლილებებით დასრულდა. საუბარია მოჰენჯო-დაროს ცნობილ ბრინჯაოს ქანდაკებაზე, რომელიც ინდუსის ველის ცივილიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოდ ითვლება.
სახელმძღვანელოს ახალ გამოცემაში არტეფაქტის გამოსახულება მუქი ფერის შტრიხებით იყო დაფარული, რითაც ქანდაკების ანატომიური თავისებურებები სრულად იყო შენიღბული. ამ ფაქტმა ისტორიკოსებისა და განათლების ექსპერტების მწვავე კრიტიკა გამოიწვია, რომლებმაც ნაციონალური საგანმანათლებლო კვლევებისა და ტრენინგების საბჭო (NCERT) ისტორიული მემკვიდრეობის დამახინჯებაში დაადანაშაულეს.
კრიტიკის საპასუხოდ, NCERT-ის დირექტორმა დინეშ საკლანიმ განაცხადა, რომ უწყება უბრუნდება ორიგინალ გამოსახულებას. მისი თქმით, ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ, სახელმძღვანელოს ციფრულ ვერსიაში უკვე აღდგენილია ქანდაკების პირვანდელი სახე, ხოლო ბეჭდურ გამოცემებში ცვლილებები მომდევნო ტირაჟებში აისახება.
„მოცეკვავე გოგონა“ ათწლეულების განმავლობაში შედიოდა ინდოეთის სასკოლო პროგრამაში და არასდროს ყოფილა ცენზურის საგანი. არტეფაქტი, რომელიც ამჟამად ნიუ-დელის ეროვნულ მუზეუმშია დაცული, უძველესი ცივილიზაციის მეტალურგიული ცოდნისა და ხელოვნების უმაღლეს დონეს წარმოაჩენს.
„მოცეკვავე გოგონა“ მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ ის მოკრძალების სტანდარტებს შეესაბამება, არამედ იმიტომ, რომ ის განასახიერებს თავდაჯერებულობასა და მოძრაობას, - წერდა ინციდენტის შემდეგ Indian Express-ის სარედაქციო კოლეგია.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა პირებმა ცვლილების კონკრეტული მიზეზი არ დაასახელეს, მედიაში გავრცელებული ვერსიებით, NCERT-ის გადაწყვეტილება შესაძლოა სიშიშვლის მიმართ არსებულ გარკვეულ პოლიტიკურ თუ სოციალურ დისკომფორტს უკავშირდებოდეს. თუმცა, საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, საგანმანათლებლო უწყება იძულებული გახდა დაეთმო პოზიცია და ისტორიული რეალობისთვის პატივი ეცა.





დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.