ინდოეთის საგანმანათლებლო სისტემაში სკანდალი აგორდა მას შემდეგ, რაც მეცხრე კლასის ახალ სახელმძღვანელოში ინდუსის ხეობის ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტეფაქტი, „მოცეკვავე გოგონა“, დაცენზურებული სახით დაიბეჭდა. ბრინჯაოს ქანდაკების ტორსი გამუქებული იყო, რამაც არტეფაქტის ანატომიური დეტალები დაფარა.

ისტორიკოსებისა და პედაგოგების მხრიდან მწვავე კრიტიკის შემდეგ, განათლების კვლევისა და ტრენინგის ეროვნულმა საბჭომ (NCERT) გადაწყვეტილება შეცვალა. უწყების დირექტორმა, დინეშ საკლანიმ განაცხადა, რომ ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, სახელმძღვანელოების ციფრულ ვერსიებში ქანდაკების ორიგინალური ფოტო უკვე დაბრუნდა, ხოლო მომავალში დასაბეჭდი ტირაჟებიც უცვლელი არტეფაქტით გამოვა.

„მოცეკვავე გოგონა“ მოჰენჯო-დაროში აღმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქეოლოგიური აღმოჩენაა. ის ასახავს თავდაჯერებულ გოგონას, რომელსაც ხელი წელზე აქვს შემოდებული. არქეოლოგები ამ ქანდაკებას უძველესი ცივილიზაციის მეტალურგიული ცოდნისა და მაღალი მხატვრული ღირებულების დასტურად მიიჩნევენ.

საინტერესოა, რომ NCERT-ს ოფიციალურად არ განუმარტავს, რატომ გახდა საჭირო ისტორიული ძეგლის „დაფარვა“. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილება შესაძლოა სიშიშვლის მიმართ არსებულმა სენსიტიურობამ განაპირობა, თუმცა ეს ქმედება საზოგადოებამ გააკრიტიკა. გამოცემა „Indian Express“-მა საკითხს სარედაქციო სტატია მიუძღვნა.

„მოცეკვავე გოგონა მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ ის მორალის სტანდარტებს ერგება, არამედ იმის გამო, რომ განასახიერებს თავდაჯერებულობასა და მხატვრულ ძალას“, — ნათქვამია პუბლიკაციაში.

სახელმძღვანელო, სადაც ეს ინციდენტი მოხდა, ახალი ეროვნული საგანმანათლებლო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნების ინტეგრაციას სასკოლო პროგრამებში. თუმცა, ისტორიული ფაქტების ასეთი „კორექტირება“ მკვლევართა ნაწილმა დეფორმაციად შეაფასა. ამჟამად ორიგინალი ქანდაკება ნიუ-დელის ეროვნულ მუზეუმშია დაცული და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია.

ANI