ნიგერის დედაქალაქ ნიამეში, დიორი ჰამანის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ხუთშაბათს დილით აფეთქებებისა და სროლის ხმა გაისმა. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ინციდენტი დილის 06:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელებმა აეროპორტის შესასვლელთან გახსნეს ცეცხლი. სამხედრო ძალებმა შეტევა მოიგერიეს, რის შემდეგაც შეიარაღებული პირები მიიმალნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილზე იარაღი მიატოვეს.

ეს ნიგერის მთავარ აეროპორტზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო თვეების განმავლობაში. იანვარში მსგავსი ტიპის შეტევა ე.წ. ჯიჰადისტებმა განახორციელეს. მაშინდელი თავდასხმის შედეგად ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, ხოლო თავდამსხმელებიდან 20 ლიკვიდირებული იქნა.

ნიგერის სამხედრო ხუნტამ, რომელიც ქვეყანას სათავეში სამი წელია უდგას, იანვრის ინციდენტის შემდეგ რუსეთის დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ამჟამინდელ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით, ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიებზე საცხოვრებელი კვარტლები დაანგრია, რაც „ტერორისტული რისკებით“ ახსნეს. გარდა ამისა, დამონტაჟდა 350-ზე მეტი სათვალთვალო კამერა და გაფართოვდა აეროპორტის პერიმეტრის დამცავი ღობე.

ნიგერი, ისევე როგორც მეზობელი ბურკინა-ფასო და მალი, უკვე ათწლეულია ისლამისტური ამბოხების წინააღმდეგ იბრძვის. არსებული სამხედრო მმართველობა ხელისუფლებაში სწორედ უსაფრთხოების კრიზისის ფონზე მოვიდა, თუმცა ძალადობრივი ინციდენტები ქვეყანაში კვლავ გრძელდება.

Getty Images/BBC