„ნაციონალური მოძრაობას“ განახლების არანაირი რესურსი არ გააჩნია, რადიკალურ ოპოზიციასთან თანამშრომლობა კი საზოგადოების მხრიდან მიუღებელია, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ე.წ. „ოპოზიციის ალიანსში“ მძიმე პოლიტიკური კრიზისია. მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესები, მათ შორის „ლელოსა“ და გახარიას პარტიის „გამიჯვნის“ მცდელობა, მხოლოდ მოქალაქეების ყურადღების გადატანისკენ არის მიმართული.
„ეს არის ჩანაფიქრი, რომლის განხორციელებაც ადგილობრივი არჩევნების დროს დაიწყეს და პროცესს დღემდე აგრძელებენ. ისინი ცდილობენ დაარწმუნონ ამომრჩეველი, თითქოს დამოუკიდებელ დღის წესრიგს აყალიბებენ, თუმცა რეალურად ერთსა და იმავე ვერტიკალს ექვემდებარებიან“, — აღნიშნა მაჭავარიანმა.
პოლიტიკოსმა თინა ბოკუჩავას პოზიციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მას სააკაშვილის მიმართ წყენა აქვს, რადგან პარტიის თავმჯდომარეობის შესახებ ინფორმაცია მანქანაში ყოფნისას შეიტყო.
განსაკუთრებით კრიტიკული იყო მაჭავარიანის შეფასება ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ. „ნანუკა ჟორჟოლიანზე ბევრი რა ვთქვა, ეს პარტია პლინტუსს ქვემოთ ჩადის. თუ პლინტუსს ქვემოთ რაღაც არსებობს, ისინი იქითკენ მიიწევენ“, — აცხადებს მაჭავარიანი.
მან ირონიულად შეაფასა ჟორჟოლიანის პოლიტიკური უნარები და დასძინა, რომ კარგი აქტივისტობა და ლობიანების ცხობა პარტიის ხელმძღვანელობისთვის საკმარისი არ არის.
„ნანუკა ჟორჟოლიანი უძლიერესი პოლიტიკოსია, ალბათ კარგი თავმჯდომარე იქნება. ის კარგი აქტივისტია და კარგ ლობიანებს აცხობდა. ლობიანების ცხობა დამაკნინებელი არ არის, პირიქით, კარგ ლობიანებს აცხობდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის კარგი თავმჯდომარე იქნები“, — დაასკვნა მაჭავარიანმა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.