აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკამათო განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 4.2%-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია.

ჟურნალისტების კითხვაზე, აწუხებს თუ არა მას ინფლაციის ზრდა, ტრამპმა უპასუხა: „არა, მე მიყვარს ინფლაცია. იცით რატომ? იმიტომ, რომ როგორც კი ეს ომი დასრულდება, ფასები მკვეთრად დაეცემა“.

პრეზიდენტმა თავისი ოპტიმიზმი ირანთან მიმდინარე კონფლიქტს დაუკავშირა. მისი მტკიცებით, აშშ ირანის ნავთობის მილიონობით ბარელს „გამოიყვანს“ ბაზრიდან, რაც გავლენას ახდენს ენერგომატარებლების ფასებზე. ტრამპმა ასევე ახსენა ირანული გემების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციები, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

„ჩვენ ყოველ ღამე მილიონობით ბარელ ნავთობს ვიღებთ. ეს არის მიზეზი, რის გამოც ნავთობი ბარელზე 85 დოლარი ღირს“, — განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

პოზიციები და რეაქციები

ტრამპის განცხადება სკეპტიკურად შეხვდნენ ენერგეტიკის სექტორში. ენერგეტიკის მდივანმა კრის რაიტმა კონგრესში გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია ინფორმაცია აშშ-ის მიერ ირანიდან მილიონობით ბარელი ნავთობის „გამოტანის“ შესახებ. რაიტის თქმით, სამხედრო ძალები მხოლოდ ჰორმუზის სრუტეში ტანკერების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფენ.

მიუხედავად იმისა, რომ საერთო ინფლაციამ 4.2% შეადგინა, ე.წ. საბაზისო ინფლაცია, რომელიც არ მოიცავს სურსათისა და ენერგომატარებლების ფასებს, 2.9%-ზე დაფიქსირდა, რაც ეკონომისტების პროგნოზებს შეესაბამება.

ტრამპის კომენტარმა პოლიტიკური კრიტიკა გამოიწვია. დემოკრატმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის ილინოისის გუბერნატორმა ჯეი ბი პრიცკერმა, სოციალურ ქსელებში გააზიარეს პრეზიდენტის ვიდეო და აღნიშნეს, რომ „ხალხს ოჯახების გამოკვება უჭირს, ხოლო პრეზიდენტისთვის ეს სიტუაცია ხუმრობაა“.

რესპუბლიკელები შიშობენ, რომ ფასების ზრდა და პრეზიდენტის მსგავსი რიტორიკა ნოემბრის არჩევნებზე მათ შედეგებზე უარყოფითად აისახება. ტრამპი კი აცხადებს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ირანის მიერ ბირთვული იარაღის მიღების პრევენციაა.