დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები კანცელარიასთან გამართულ ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს ასრულებენ. როგორც მშობელმა კახა წიქარიშვილმა განაცხადა, კვირას დაგეგმილი აქცია უკვე „მადლობის მარშის“ ფორმატში ჩატარდება.

გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. მშობლების თქმით, მიღწეული შეთანხმება მათი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

„ჩვენი მოთხოვნა იყო - „წამალი ბავშვებს“ და ჩვენი ბავშვები მიიღებენ წამალს. ეს არის ჩვენი ბრძოლის შედეგი და გამარჯვება, რომელიც მთელ საქართველოს ეკუთვნის“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

ამ ეტაპზე შეთანხმება ორ მედიკამენტს მოიცავს. რაც შეეხება დანარჩენ პრეპარატებს, მათი საკითხი სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება. მშობლები აღნიშნავენ, რომ ულტიმატუმების ნაცვლად, ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმში მუშაობას არჩევენ.

„პირველი ორი წამალი ჩვენთვის დიდი მიღწევაა. დანარჩენი მედიკამენტები დისკუსიის საგანი იქნება. ასევე შევთანხმდით, რომ ბავშვებს უფასოდ ჩაუტარდებათ კვლევები და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა პაციენტებმა კლინიკურ კვლევებშიც შეძლონ მონაწილეობა“, - განმარტა წიქარიშვილმა.

აქციის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს საზოგადოებას, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში კანცელარიასთან მხარდაჭერას გამოხატავდნენ. მშობლების განცხადებით, კვირის მარში სწორედ ამ სოლიდარობის აღსანიშნავად გაიმართება.