ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლების მიმართ პოლიტიკურ წნეხს აძლიერებს. 17 ივნისს მიღებულ ანგარიშში ევროპელი კანონმდებლები მოუწოდებენ ევროკავშირს, დაუყოვნებლივ დააწესონ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების წინააღმდეგ.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ეს პროცესი უნდა წარიმართოს საერთაშორისო კოორდინაციით. კერძოდ, ევროკავშირს მოუწოდებენ, აქტივების გაყინვის საკითხზე მჭიდროდ ითანამშრომლოს გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან.

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობა უნდა იყოს მკაცრად დამოკიდებული კონკრეტულ, შემოწმებად ნაბიჯებზე. კანონმდებლები აკრიტიკებენ ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლას, რეპრესიებსა და ანტიევროპულ დეზინფორმაციას.

„ევროპარლამენტი ინარჩუნებს პოზიციას პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების შესახებ“, — აღნიშნულია ანგარიშში. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტი დე ფაქტო ერთპარტიულ რეჟიმში მუშაობს, რაც პლურალისტური დემოკრატიის საფუძვლებს ანგრევს.

სანქციების სამიზნეში შესაძლოა მოხვდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, მოსამართლეები, პროკურორები და თანამდებობის პირები. ევროპარლამენტი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, ეროვნულ დონეზეც გაატარონ შესაბამისი ზომები, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნება არ იქნება მიღწეული.

ევროპარლამენტი გმობს სისტემურ დაუსჯელობას, რომელიც დაკავშირებულია ჟურნალისტების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ოპოზიციის დევნასთან. პარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის კარი ღია რჩება ქართველი ხალხისთვის, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის კურსის შეცვლისა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია საქართველოს დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილება „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეიდან დროებით გამოსვლის შესახებ, რასაც ევროპელი დეპუტატები შეშფოთებით აკვირდებიან.