„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ბათუმის სასამართლოდან მიღებულ შეტყობინებას ეხმაურება. პოლიტიკოსის თქმით, მას აცნობეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი შეურაცხყოფის საბაბით კონკრეტული პირის, ვინმე გაბაძის წინააღმდეგ საქმე აღძრა.
გეგელიამ კატეგორიულად განაცხადა, რომ აღნიშნულ პროცესთან მას არანაირი კავშირი არ აქვს და არავის უჩივის. მისი თქმით, ეს ქმედება ხელისუფლების მიერ დადგმული ფარსია, თითქოს ისინი სიძულვილის ენას ებრძვიან.
„მე არ ვუჩივი არავის. არც ვიცი, ვინ არის ეს ადამიანი. ვფიქრობ, ისიც ეყოფა, 2026 წელს კიდევ „ქოცი“ რომ არის. ამხელა გასაჭირში მყოფ ადამიანს როგორ ვუჩივლებდი?“ — აცხადებს გეგელია.
პოლიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ პატივს სცემს პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას, განურჩევლად იმისა, თუ რა აზრია გამოთქმული. მისივე განმარტებით, პოლიტიკურ ბრძოლაში მას აქვს თმენის ვალდებულება, რასაც წლებია იცავს.
გეგელიას თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, თავი მოაჩვენოს კანონის თანაბრად აღმსრულებელ ძალად, თუმცა რეალურად, ქვეყანაში სულ სხვა პროცესები მიმდინარეობს. მან ხელისუფლება პოლიტიკურ დევნაში, პარტიების გაუქმებასა და ოპონენტების წინააღმდეგ ტროლების გამოყენებაში დაადანაშაულა.
„ამ რეჟიმს სძულს თავისუფლების ყველა ფორმა. ის არ დაუსჯია აგრესორთა აბსოლუტური უმრავლესობა და ახლა სურს დადგას ფარსი, თითქოს ებრძვის სიძულვილის ენას. ცხადია, მე არ ვიქნები ამ ფარსის ნაწილი!“ — აღნიშნა გეგელიამ.
პოლიტიკოსმა ხელისუფლებას რჩევაც მისცა: თუ კანონების აღსრულება ნამდვილად სურთ, დაიწყონ ივანიშვილით, კობახიძით, ყაველაშვილით და სამხარაძით და არა რიგითი მხარდამჭერებით, რომლებსაც, მისივე შეფასებით, ისედაც მძიმე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა აქვთ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.