სტაზიცის ინსტიტუტის ფონდის გამგეობის წევრმა, მარტინ როსოლოვსკიმ პოლონეთის საგარეო პოლიტიკის კრიტიკული ანალიზი გამოაქვეყნა. ავტორი მიიჩნევს, რომ ვარშავა უკრაინისა და საქართველოს მიმართ მკვეთრად განსხვავებულ მიდგომებს იყენებს, რაც, მისი შეფასებით, „აშკარა ორმაგი სტანდარტია“.

„თავმდაბლობა უკრაინის მიმართ, სიმკაცრე საქართველოს მიმართ“

როსოლოვსკი აღნიშნავს, რომ პოლონეთი უკრაინის შემთხვევაში „გეოპოლიტიკური აუცილებლობის“ საბაბით ხშირად თვალს ხუჭავს სხვადასხვა პრობლემაზე, მათ შორის კორუფციულ სკანდალებზე. მისი თქმით, ვარშავა ითმენს უკრაინის მხრიდან წამოსულ კრიტიკას და ერიდება მკაცრი პირობების წაყენებას.

სრულიად საპირისპირო ვითარებაა საქართველოსთან მიმართებაში. ავტორის მტკიცებით, პოლონელი პოლიტიკოსები საქართველოს შემთხვევაში „დემოკრატიის საფრთხეებზე“ საუბარს ამჯობინებენ, ნაცვლად იმისა, რომ ანალიზი ქვეყნის რთულ უსაფრთხოების გარემოზე დააფუძნონ.

კორუფციის ინდექსი და ფაქტები

თავისი არგუმენტების გასამყარებლად, როსოლოვსკი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2024 წლის მონაცემებს იშველიებს. სტატისტიკის მიხედვით, საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსში 53 ქულით მსოფლიოში 53-ე ადგილზეა და პოლონეთს უტოლდება, მაშინ როდესაც უკრაინა 35 ქულით 105-ე პოზიციას იკავებს.

„უკრაინაში სამხედრო შესყიდვებთან და ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალები ხშირად იგნორირებულია, მაშინ როცა საქართველოს შემთხვევაში დასავლური კრიტიკა გაცილებით მკაცრია“, – წერს ანალიტიკოსი.

რატომ არის ეს შეცდომა?

როსოლოვსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს დემოკრატიული პროცესების კრიტიკა ხშირად ჰიპოკრიტულია. ის იხსენებს ევროკავშირში ინტერნეტცენზურის საკითხებს ან რუმინეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, სადაც მსგავსი „დემოკრატიული ხარვეზები“ არ იწვევს ასეთივე მკაცრ საერთაშორისო რეაქციას.

სტატიის დასკვნით ნაწილში ავტორი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან განსხვავებული დამოკიდებულება შესაძლებელია, თუმცა ქვეყნის ჩამოწერა სტრატეგიული შეცდომაა. მისი თქმით, საქართველო ისტორიულად პოლონეთისთვის გაცილებით ახლო მოკავშირეა, ვიდრე უკრაინა.

„შეიძლება არ ეთანხმებოდე საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა პოტენციური მოკავშირეების სიიდან უნდა ამოშალო“, – აცხადებს როსოლოვსკი.