რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის „აზრს ვერ ხედავს“. პუტინის თქმით, მან უკრაინის პრეზიდენტის ღია წერილი მხოლოდ „სწრაფად“ გადაათვალიერა.

რუსეთის ლიდერმა ზელენსკის მიმართ კრიტიკული ტონი შეინარჩუნა და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა კონსტიტუციის ფარგლებში უნდა იმოქმედოს. პუტინის მტკიცებით, ძალაუფლების ფლობა კონსტიტუციური ნორმების დარღვევით „ძალაუფლების უზურპაციაა“, რასაც მან „სისხლის სამართლის დანაშაული“ უწოდა.

პუტინმა ასევე გაიხსენა სამი კვირის წინანდელი დეტალი: მისი თქმით, უკრაინული მხარის მიწვევით კიევში ჩასულმა რუსმა ბიზნესმენმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ მოსკოვს წინადადება გადასცა. თუმცა, პუტინის მტკიცებით, მეორე დღეს, 22 მაისს, უკრაინულმა ძალებმა სტარობილსკში კოლეჯს დაარტყეს, რამაც მოლაპარაკებების პერსპექტივა გაართულა. რუსეთის პრეზიდენტს ბიზნესმენის ვინაობა არ დაუსახელებია.

კონფლიქტის კონტექსტში, ზელენსკიმ 4 ივნისს პუტინს პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა შესთავაზა შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტორიაზე, დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი პუტინის „შეგნებული არჩევანია“ და სწორედ ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ კრიტიკული საკითხები.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ლიდერის ამ ინიციატივას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა, რომელმაც პუტინსა და ზელენსკის შორის შესაძლო პირისპირ შეხვედრის იდეას მხარი დაუჭირა. პუტინმა კი საპასუხოდ ზელენსკის მიერ მის ასაკთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარზე ისაუბრა და დასძინა, რომ პოლიტიკაში გადამწყვეტი არა ასაკი, არამედ „ქმედუნარიანობა და შრომისუნარიანობაა“.