პოლონეთის ქალაქ ბიალა პოდლასკაში 44 წლის რუსი მხატვარი და კარიკატურისტი რობერტ კუზოვკოვი, რომელიც ფსევდონიმით „სემიონ სკრეპეცკი“ მოღვაწეობდა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. თავდასხმა ორშაბათს, საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარე ავტოსადგომზე მოხდა.
პოლონური მედიის ინფორმაციით, კუზოვკოვი ახლო მანძილიდან ჩაცხრილეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ თავდამსხმელმა მსხვერპლს ჯერ ორი ტყვია ესროლა, ხოლო მას შემდეგ, რაც კუზოვკოვი ძირს დაეცა, მას კიდევ სამჯერ ესროლა. პოლიცია მომხდარს მიზანმიმართულ ეგზეკუციად აფასებს.
საქმესთან დაკავშირებით პოლონეთის სამართალდამცველებმა ორი ბელარუსის მოქალაქე (37 და 33 წლის) დააკავეს. გამოძიების თანახმად, თავდამსხმელები ადგილზე ბელარუსმა ტაქსის მძღოლმა მიიყვანა, რომელმაც მკვლელობის შემდეგ ბელარუსის საკონსულოს შეაფარა თავი. მძღოლის ინფორმირებულობის შესახებ ცნობები ამ ეტაპზე არ არსებობს.
რობერტ კუზოვკოვი რუსეთიდან პოლონეთში 2021 წელს გადავიდა. ის ცნობილი გახდა პოლიტიკური სატირით, სადაც მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას, პუტინს, რამზან კადიროვს, მის შვილ ადამ კადიროვს და „ახმატის“ მეთაურს აპტი ალაუდინოვს. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მხატვარმა გამოაქვეყნა კარიკატურა, სადაც კადიროვები ღორის დინგებითა და ჩლიქებით იყვნენ გამოსახულნი.
მხატვარი არაერთხელ უჩიოდა მუქარას. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მან ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან პერფორმანსი გამართა, სადაც რუსული დროშა ნაგვის ურნაში ჩააგდო. პოსტი მუქარის შემცველი შეტყობინებების შესახებ მან მკვლელობამდე ერთი საათით ადრე გამოაქვეყნა.
აღნიშნული მკვლელობა აგრძელებს ევროპაში კადიროვის კრიტიკოსების წინააღმდეგ მიმართულ გახმაურებულ თავდასხმების სერიას. მსგავსი სცენარით იქნა მოკლული 2019 წელს ბერლინში ქართველი ზელიმხან ხანგოშვილი, რომლის მკვლელობაც რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ღიად მოიწონეს.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.