თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ ადვოკატი შოთა თუთბერიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. გადაწყვეტილების საფუძველზე, თუთბერიძეს 4000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 2 ივნისს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარს, რომელიც პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანის პოსტს უკავშირდებოდა. წილოსანი იმ პერიოდში კანადაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

სამართლებრივი დავა და პოზიციები

თუთბერიძის წინააღმდეგ სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ შეიტანა. საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-16 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

თავად ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, კომენტარი არ შეიცავდა გინებას და ბრალდება ყოველგვარ სამართლებრივ სტანდარტს მოკლებულია. „გადაწყვეტილება სისულელე იყო. არ მედავებოდნენ გინებას, ეს არის სრული აბსურდი და საერთაშორისო თუ ადგილობრივი სტანდარტების იგნორირება“, – განაცხადა თუთბერიძემ.

პროცესუალური დარღვევები

შოთა თუთბერიძემ სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე საუბრისას მტკიცებულებებთან დაკავშირებულ ხარვეზებზეც მიუთითა. ადვოკატის მტკიცებით, ოქმში მითითებული თარიღები არ ემთხვეოდა რეალობას.

„მტკიცებულებებში არეული ჰქონდათ, ოქმში მითითებული თარიღი უფრო გვიანდელი იყო, ვიდრე გადაწყვეტილების მიღების რეალური დრო. ძველი თარიღით შედგენილი დოკუმენტაცია გაეპარათ“, – აღნიშნა მან.

ადვოკატმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს შემთხვევა პრეცედენტულია სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს პრაქტიკაში. თუთბერიძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ იგრძნობოდა დამოუკიდებელი შინაგანი რწმენა და ის პოლიტიკური პროცესების ნაწილად მიიჩნია.