უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მიმდინარე ომში დაგროვილი გამოცდილებისა და უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გარეშე ევროპას უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავება გაუჭირდება. მისი თქმით, ევროპელი ლიდერები უკვე აცნობიერებენ, რომ უკრაინისა და ევროპის ინტერესები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ევროპის სიახლოვეს აქტიურად აშენებს ახალ სამხედრო ინფრასტრუქტურას ისეთ ადგილებშიც კი, სადაც საბჭოთა პერიოდში ბაზები არ არსებობდა. პრეზიდენტის შეფასებით, მოსკოვის მიერ არჩეული ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული კურსი გათვლილია გრძელვადიან პერსპექტივაზე და არა მხოლოდ უახლოეს წლებზე.
უკრაინის, ჩვენი შესაძლებლობებისა და გამოცდილების გარეშე ევროპას შეიძლება უკიდურესად გაუჭირდეს, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთთან დაახლოებას ცდილობენ. მან აღნიშნა, რომ მოსკოვი პოლიტიკოსების „გადაბირებას“ ცდილობს გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ, რაც საბოლოოდ ევროპული ინტერესების დათმობას ნიშნავს. ზელენსკის თქმით, ევროპის ბედი ამჟამად სწორედ უკრაინაში წყდება.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და კავკასიის ხალხების თავისუფლებისთვის. მისი თქმით, გადამწყვეტია, დარჩება თუ არა რუსეთს ამ ომის შემდეგ რესურსი და სურვილი, დაემუქროს მეზობელი ქვეყნების მშვიდობას.
სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ექვსი კლასტერის გასახსნელად. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მიმდინარე ზაფხულს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული და პარტნიორები ამ პროცესის დროულობას უზრუნველყოფენ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.