ბრიუსელში, „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან მიმართებაში დასავლეთის ერთიანი პოზიცია დააფიქსირა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მკაფიოა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და ზეწოლის გაძლიერების საკითხში.

ზელენსკის განცხადებით, ეს მიდგომა „დიდი შვიდეულის“ (G7) ყველა ლიდერისთვის საერთოა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებული ინსტრუმენტები საკმარისად ძლიერია რუსეთის იმ მდგომარეობამდე მისასვლელად, სადაც დიპლომატიური მოლაპარაკება ერთადერთ გამოსავლად დარჩება.

„ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები და ისინი საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ რუსეთი იმ გზაზე დავაყენოთ, სადაც დიპლომატია ერთადერთი არჩევანი გახდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი აგრძელებს აგრესიას, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის რეჟიმი მძიმე ეკონომიკურ და სამხედრო ზარალს განიცდის. ზელენსკის თქმით, რუსეთი ფრონტზე ყოველთვიურად 30 ათასამდე ჯარისკაცს კარგავს.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთის შიდა ინფრასტრუქტურაზე მიტანილ დარტყმებზე. მისი განმარტებით, უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი „სანქციები“ ეფექტურად ანადგურებს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რაც რუსეთის ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება და საწვავის დეფიციტს იწვევს.

კიევ-პეჩორის ლავრაზე განხორციელებულ თავდასხმას ზელენსკიმ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა. მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და პარტნიორებთან ერთად სანქციური წნეხის გაზრდას.

უკრაინის ლიდერის განცხადებით, მიუხედავად პუტინის დაჟინებული პოზიციისა ომის გაგრძელებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობა რუსეთს დამატებით გამოწვევებს უქმნის.