ბავშვის მიერ გარემომცველი ემოციების აღქმა შესაძლოა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიდეს. ბინგემტონის უნივერსიტეტის (ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დეპრესიული სიმპტომები პირდაპირ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ რეაგირებენ ბავშვები ბედნიერ თუ მოწყენილ სახის გამომეტყველებებზე.


კვლევა, რომელიც ჟურნალ Journal of Psychopathology and Clinical Science-ში გამოქვეყნდა, პირველია, რომელმაც შეისწავლა დეპრესიული სიმპტომებისა და ყურადღების გამახვილების (attentional bias) ურთიერთკავშირი დროის განმავლობაში. მეცნიერებმა 242 ბავშვი და მათი დედები ორი წლის განმავლობაში აკვირდნენ.

კვლევის ფარგლებში ბავშვები ეკრანზე უყურებდნენ სხვადასხვა გამომეტყველების მქონე სახეებს — ნეიტრალურს, ბედნიერს, სევდიანს ან გაბრაზებულს. თვალის მოძრაობის თრექინგ-ტექნოლოგიის საშუალებით მკვლევარებმა ზუსტად დააფიქსირეს, თუ სად მიმართავდნენ ბავშვები ყურადღებას და რამდენ ხანს აკვირდებოდნენ მათ.


ოჯახური ისტორიის გავლენა

შედეგებმა აჩვენა, რომ დეპრესიისადმი მიდრეკილება განსხვავებულად ვლინდება იმის მიხედვით, ჰქონდა თუ არა დედას დეპრესიის ისტორია. იმ ბავშვებში, რომელთა დედებსაც ჰქონდათ დეპრესიული აშლილობა, დეპრესიული სიმპტომების მატებასთან ერთად, სევდიანი სახეებისადმი ყურადღებაც იზრდებოდა. მკვლევარების თქმით, ეს ბავშვები კარგავენ უნარს, ადვილად მოწყდნენ სევდიან სტიმულებს.

სხვაგვარი სურათი გამოიკვეთა იმ ბავშვებში, რომელთა ოჯახურ ისტორიაში დეპრესია არ ფიქსირდებოდა. მათ შემთხვევაში დეპრესიული სიმპტომების გამოვლენა აქვეითებდა ყურადღებას ბედნიერი სახეების მიმართ. ფაქტობრივად, დეპრესია „ეროზიას“ უკეთებდა დადებითი ემოციების აღქმის დამცავ ფაქტორს.


რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ბრენდონ გიბმა, ბინგემტონის უნივერსიტეტის განწყობის დარღვევების ინსტიტუტის დირექტორმა, აღნიშნა, რომ მსგავსი მოწყვლადობები ბავშვობაში ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ეს კი მეცნიერებს აძლევს საშუალებას, დეპრესიის ნიშნები ადრეულ ეტაპზევე ამოიცნონ, ვიდრე მდგომარეობა ქრონიკულ ხასიათს მიიღებს.


კვლევის ავტორები აგრძელებენ მონაწილეებზე დაკვირვებას, რათა დაადგინონ, რამდენად ზრდის ეს ყურადღების პატერნები კლინიკური დეპრესიის განვითარების რისკს მოზარდობის ასაკში.