ტეხასის უნივერსიტეტის (UT Dallas) ტვინის ჯანმრთელობის ცენტრის მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანის ტვინი კოგნიტური უნარების განვითარებას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს. 3-წლიანი მასშტაბური კვლევა, რომელიც ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა, უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს ასაკთან ერთად გონებრივი სიმკვეთრის კლება გარდაუვალია.

კვლევაში 3 966 მონაწილე ჩაერთო, რომელთა ასაკი 19-დან 94 წლამდე მერყეობდა. მონაწილეები ყოველდღიურად, მხოლოდ 5-დან 15 წუთამდე, სპეციალურ სავარჯიშოებს ასრულებდნენ. მეცნიერებმა მათი პროგრესის შესაფასებლად „ტვინის ჯანმრთელობის ინდექსი“ (BHI) გამოიყენეს, რომელიც 20-მდე სხვადასხვა მეტრიკას აერთიანებს.

BHI ზომავს ტვინის ფუნქციონირების სამ ძირითად ასპექტს: აზროვნების სიცხადეს, ემოციურ ბალანსს და სოციალურ კავშირებს. კვლევის ავტორის, დოქტორ ლორი კუკის განცხადებით, ტვინის ჯანმრთელობა არ არის სტატიკური მოცემულობა; ის ჰგავს ანაბეჭდს, რომელიც ინდივიდუალურია და მუდმივ ზრდას საჭიროებს.

ყველაზე საინტერესო აღმოჩენა ის იყო, რომ ყველაზე დიდი პროგრესი სწორედ მათ აჩვენეს, ვინც საწყის ეტაპზე ყველაზე დაბალი ქულები ჰქონდა. თუმცა, დადებითი ცვლილებები დაფიქსირდა მაშინაც კი, როდესაც კვლევაში 80 წელს გადაცილებული ადამიანები მონაწილეობდნენ. ეს ნიშნავს, რომ ტვინზე ზრუნვა შედეგიანია მაშინაც კი, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები უკვე დაწყებულია.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ასაკი, სქესი და განათლების დონე არ არის განმსაზღვრელი ფაქტორი. მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩართულობა და მონდომებაა. მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ტვინის პლასტიკურობა და თვითგანვითარების უნარი ნებისმიერ ასაკში მოქმედებს.



ამჟამად „ტვინის ჯანმრთელობის პროექტი“ გრძელდება და მკვლევარები დაახლოებით 400 მონაწილის ტვინის გამოსახულებებს აანალიზებენ. ეს მონაცემები მეცნიერებს დაეხმარება, უფრო ღრმად შეისწავლონ ის მექანიზმები, რომლებიც ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს სპეციალისტებმა კალიფორნიისა და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტებიდან.


დოქტორი სანდრა ბონდ ჩეპმენი, კვლევის უფროსი ავტორი, აღნიშნავს: „ჩვენი ტვინი არ განისაზღვრება ასაკით, ის განისაზღვრება შესაძლებლობებით“. ეს კვლევა არის მოწოდება საზოგადოებისთვის, რომ ტვინის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე პრიორიტეტული უნდა იყოს.