მეცნიერებმა პირველად შექმნეს დედამიწის მიწისქვეშა სოკოვანი ქსელების გლობალური რუკა. კვლევა, რომელიც ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, გვიჩვენებს, თუ რამდენად დიდია ეს ფარული ინფრასტრუქტურა და რა გავლენას ახდენს ის ჩვენს პლანეტაზე.

საუბარია არბუსკულურ მიკორიზულ სოკოებზე, რომლებიც მცენარეთა სახეობების დაახლოებით 70%-თან ქმნიან სიმბიოტურ კავშირს. ეს სოკოვანი ქსელი მიწისქვეშა „გზატკეცილის“ ფუნქციას ასრულებს, რომლის საერთო სიგრძე დაახლოებით 110 კვადრილიონ კილომეტარს (68 კვადრილიონ მილს) აღწევს. ეს მანძილი დედამიწიდან მზემდე არსებულ დისტანციას მილიარდჯერ აღემატება.

რატომ არის ეს ქსელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?

მიწისქვეშა სოკოვანი სისტემები პლანეტის კლიმატის რეგულირების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია. კვლევის თანახმად, ეს ქსელები ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგს ატარებენ ნიადაგში, რაც ადამიანის მიერ გამოწვეული ნახშირბადის ემისიების 11%-ს უდრის.

სოკოები მცენარეებს წყლითა და საკვები ნივთიერებებით, მაგალითად ფოსფორით ამარაგებენ, სანაცვლოდ კი ფოტოსინთეზის შედეგად მიღებულ ნახშირბადს იღებენ. ჯანსაღ ნიადაგში სოკოვანი ქსელები მცენარის ფესვთა სისტემის ეფექტურობას 100-ჯერ ზრდის.

საფრთხეები და რისკები

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე სოკოვანი ქსელების სიმკვრივე საშუალოდ 50%-ით დაბალია, ვიდრე ველურ ეკოსისტემებში. ეს ფაქტორი ნიადაგის მიერ ნახშირბადის შენახვის უნარს ამცირებს და მას გარემო პირობების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის.

კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საძოვრები, რომლებიც მსოფლიოს სოკოვანი ბიომასის 40%-ს შეიცავს, დღეს ყველაზე ნაკლებად დაცულ ეკოსისტემებს წარმოადგენს. ისინი ტყეებზე ოთხჯერ უფრო სწრაფი ტემპით გარდაიქმნება სასოფლო-სამეურნეო მიწებად.


როგორ შექმნეს რუკა?


მკვლევართა ჯგუფმა მსოფლიოს მასშტაბით აღებული 16 000-ზე მეტი ნიადაგის ნიმუში გააანალიზა. მათ გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტის მოდელები და რობოტული გამოსახულების ტექნოლოგიები, რათა შეეფასებინათ სოკოვანი ქსელების მასა და სიგრძე. შედეგად მიღებული მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია, რაც პოლიტიკოსებსა და გარემოს დამცველებს დაეხმარება, უკეთ დაგეგმონ ეკოსისტემების დაცვის სტრატეგიები.


სოკოების როლი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში დღემდე სათანადოდ შეფასებული არ იყო. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, დროა, ეს „მიწისქვეშა ცირკულაციური სისტემა“ საერთაშორისო გარემოსდაცვით დღის წესრიგში მოექცეს.