მეცნიერებმა აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვეშ მასშტაბური გეოლოგიური სტრუქტურა აღმოაჩინეს. კვლევამ გამოავლინა აქამდე უცნობი კავშირი კონტინენტის ყველაზე დიდ დაფარულ ლანდშაფტებს შორის, რაც გეოლოგებისთვის აქამდე შეუსწავლელი რჩებოდა.

ახლად აღმოჩენილი სტრუქტურა წარმოადგენს გიგანტური აუზების ქსელს, რომელიც სამ კილომეტრზე მეტი სისქის ყინულის ქვეშ არის მოქცეული. მკვლევართა ჯგუფმა ამ წარმონაქმნს „აღმოსავლეთ ანტარქტიდის მარაოსებრი აუზების პროვინცია“ უწოდა. მასში შედის ისეთი ცნობილი გეოგრაფიული ობიექტები, როგორიცაა უილკესისა და აურორას აუზები, ასევე ვოსტოკის ტბის შემცველი აუზი, რომელიც დედამიწაზე ყველაზე დიდ სუბგლაციალურ ტბად ითვლება.

მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული აუზები მეცნიერებისთვის დიდი ხანია ცნობილია, მათი ერთიანი, ურთიერთდაკავშირებული გეოლოგიური სტრუქტურის ნაწილად განხილვა პირველად მოხდა. კვლევის თანახმად, ეს სტრუქტურა „განაწილებული ბრუნვითი გაფართოების“ (distributed rotational extension) პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა. ეს პროცესი ჰგავს ხელის მტევანს, სადაც ცერა თითი ფიქსირებულია, ხოლო დანარჩენი თითები იშლება. თითებს შორის არსებული სივრცეები კი იმ სამკუთხა აუზებს წააგავს, რომლებიც დედამიწის ქერქის გაფართოებისას წარმოიქმნება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი უძველესი სუპერკონტინენტ „გონდვანას“ ფორმირებისა და ევოლუციის პერიოდს უკავშირდება. შესაძლოა, სტრუქტურამ გავლენა იქონია ანტარქტიდისა და ავსტრალიის კონტინენტურ დაშორებაზეც.

აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ დედამიწის წარსულის რეკონსტრუქციისთვის, არამედ დღევანდელი კლიმატური ცვლილებების კვლევისთვისაც. ყინულის ქვეშ არსებული რელიეფის ფორმა პირდაპირ განსაზღვრავს, თუ როგორ მოძრაობს ყინული კონტინენტზე და რამდენად სტაბილურია ანტარქტიდის ყინულის საფარი გლობალური დათბობის პირობებში.



კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გამოიყენეს სუბგლაციალური ტოპოგრაფიის, გრავიტაციული გაზომვების, მაგნიტური და სეისმური მონაცემების კომპლექსური ანალიზი. მკვლევარმა გაი პაქსმანმა მოახდინა იმის სიმულაცია, თუ როგორ გამოჩნდებოდა აღმოსავლეთ ანტარქტიდის ლანდშაფტი ყინულის საფარის სრული მოცილების შემთხვევაში, რამაც მეცნიერებს საშუალება მისცა, სტრუქტურის ორიენტაცია და სიმაღლე ზუსტად შეეფასებინათ.


კვლევას გენუის უნივერსიტეტის პროფესორი ეგიდიო არმადილო ხელმძღვანელობდა იტალიის ეროვნული ანტარქტიდული კვლევითი პროგრამის მხარდაჭერით. შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Geoscience-ში.