კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ჟელკო ლიუბენოვიჩის გაწვრთნილმა „გაგრამ“ „დავით პეტრიაშვილის“ სახელობის სტადიონზე „დინამო თბილისი“ 2:1 დაამარცხა. აუტსაიდერმა გუნდმა, რომელიც ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის მთავარი გმირი ლექსო ფეიქრიშვილი იყო. კიევის „დინამოს“ საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა, რომელიც „გაგრაში“ იჯარით თამაშობს, შეხვედრის ბედი პრაქტიკულად მარტომ გადაწყვიტა.

პირველი გოლის ეპიზოდში ფეიქრიშვილმა შესანიშნავი კონტრშეტევა წამოიწყო და ზუსტი პასით საბა ზოიძე მოამარაგა, რომელმაც თავის მხრივ ანდრი ანდრეიჩუკს გაატანინა. მეორე გოლი კი თავად ლექსომ გაიტანა – მან შორიდან უძლიერესი დარტყმით გიორგი ლორიას შანსი არ დაუტოვა.

„დინამომ“ ანგარიშის შემცირება მატჩის მიწურულს, 84-ე წუთზე შეძლო. ნანა-კოფი დონკორის გადაცემის შემდეგ ლეონარდუ სანტუსმა გაიტანა. ამ ეპიზოდში გაგრელთა მეკარე ოლეკსანდრ ვორობეი შეცდა, რის შემდეგაც სანტუსი უმეთვალყურეოდ დარჩა და ბურთი კარის ბადეში გადაგზავნა.

აღსანიშნავია, რომ თემურ ქეცბაიას მთავარი მწვრთნელობის პერიოდში „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 9 მატჩი გამართა, საიდანაც 5 მოიგო, 2 ფრე ითამაშა და 2 წააგო. ამ მარცხის შემდეგ „დინამო“ 25 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე რჩება, „გაგრა“ კი 20 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.