მანუელ ნოიერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში კურასაოსთან მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, გუნდის საერთო განწყობაზე ისაუბრა. გერმანიამ მეტოქე 7:1 დაამარცხა, რაც ბევრს 2014 წლის მუნდიალის ლეგენდარულ ნახევარფინალს და ბრაზილიის განადგურებას აგონებს.
ნოიერის თქმით, გუნდში ერთიანობა იგრძნობა, რაც თამაშის ხარისხზეც აისახება. მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კურასაო ბრაზილია არ არის და მათთვის ეს მუნდიალზე ისტორიაში პირველი შეხვედრა იყო, მსგავსი სტარტი გერმანიის ნაკრებისთვის ფსიქოლოგიურად უმნიშვნელოვანესია.
„თამაშს ნამდვილი სიხარული მოჰქონდა და სათადარიგოებმაც შემოიტანეს საჭირო ენერგია. ჩვენ მიზანს მივაღწიეთ და კარგი სტარტით კმაყოფილები ვართ“, — განაცხადა მეკარემ.
გამოცდილი ფეხბურთელისთვის ეს რიგით მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატია, თუმცა ნოიერი ხაზს უსვამს, რომ წლების მატებასთან ერთად მოტივაცია და მღელვარება არ დაუკარგავს. მან 2010 წლის მუნდიალი გაიხსენა, სადაც გერმანიის ნაკრების კარი პირველად დაიცვა ავსტრალიის წინააღმდეგ.
„ახლაც ისევე ვღელავ, თითქოს ეს ჩემი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყოს. ან გიყვარს ფეხბურთი, ან არა. სწორედ ამიტომ, ეს მეხუთე მუნდიალი ჩემთვის გამორჩეული და განსაკუთრებულია“, — აღნიშნა ნოიერმა.
გერმანიის ნაკრები ტურნირს პოზიტიური განწყობით აგრძელებს. გუნდი, რომელიც სავსეა როგორც გამოცდილი ვეტერანებით, ისე ახალი ენერგიით, მიზნად ჩემპიონატზე მაქსიმალური შედეგის მიღწევას ისახავს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.