ნიუ-ორლეანში გამართული ამერიკის დიაბეტის ასოციაციის (ADA) ყოველწლიური შეხვედრა სკანდალით დასრულდა. ხუთი წამყვანი მეცნიერი კონფერენციის ტერიტორიიდან დაცვის თანამშრომლებმა გააძევეს. მათ შორის აღმოჩნდნენ ADA-ს ყოფილი პრეზიდენტი დესმონდ შაცი და ორგანიზაციისვე ჟურნალის, Diabetes Care-ის მთავარი რედაქტორი სტივენ კანი.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მეცნიერებმა კონფერენციის მონაწილეებს დაურიგეს აპრილში გამოქვეყნებული სარედაქციო წერილი. მასალაში მკაცრად იყო გაკრიტიკებული ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომები სამეცნიერო კვლევების დაფინანსებისა და პოლიტიკის მიმართ. მეცნიერები მასალებს იმ დარბაზის გარეთ არიგებდნენ, სადაც აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) წარმომადგენლის გამოსვლა იყო დაგეგმილი.

„ცენზურა რეალურია“

ინციდენტის თვითმხილველები და მონაწილეები მომხდარს ცენზურას უწოდებენ. მინესოტას უნივერსიტეტის პროფესორმა აარონ კელიმ MedPage Today-სთან საუბარში განაცხადა, რომ დაცვამ მათზე ფიზიკური ძალა გამოიყენა. „მათ ფიზიკურად დაგვიპირისპირდნენ, დარბაზიდან გამოგვაძევეს და გვითხრეს, რომ კონფერენციაზე დასწრების უფლება აღარ გვაქვს. აშშ-ში ცენზურა რეალური გახდა“, — აღნიშნა კელიმ.

გაძევებულ მეცნიერთა სიაში, კანისა და შაცის გარდა, აარონ კელი, ჯასტინ რაიდერი და ირლ ჰირში მოხვდნენ. მათი თქმით, ეს ქმედება იყო მოწოდება მეცნიერებისა და ექიმებისადმი, რომ არ შეეგუონ სამეცნიერო სფეროს დეგრადაციას.

ADA-ს პოზიცია

ამერიკის დიაბეტის ასოციაციამ ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა, რომ ხუთი პირი კონფერენციიდან გააძევეს. ორგანიზაციის განცხადებით, მათ დაარღვიეს კონფერენციის ქცევის კოდექსი. ADA-ს მტკიცებით, მეცნიერებს არაერთხელ მოუწოდეს ქმედების შეწყვეტისკენ, თუმცა მათ უარი განაცხადეს.

„ჩვენს ღონისძიებებზე დაუშვებელია არეულობა, დისციპლინის დარღვევა და პროტესტის ისეთი ფორმები, რომლებიც აფერხებს კონფერენციის მიმდინარეობას“, — აცხადებენ ორგანიზაციაში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გაძევებული მეცნიერები თავად ADA-ს ჟურნალის რედაქტორები და წევრები არიან, ხოლო დარიგებული მასალა სწორედ ამ ასოციაციის მიერ გამოცემულ ჟურნალში დაიბეჭდა.

კრიტიკული სტატიის შინაარსი

გაძევების მიზეზად ქცეული სარედაქციო წერილი მკაცრ მესიჯებს შეიცავს. ავტორები აღნიშნავენ, რომ მეცნიერები ვეღარ დარჩებიან პასიურ დამკვირვებლებად, როდესაც „ბიუჯეტის გადახედვითა და შიდა მაქინაციებით“ ნადგურდება ის, რაც თაობებმა შექმნეს. სტატიაში ხაზგასმულია, რომ აშშ-ის, როგორც ჯანდაცვის სფეროში ინოვაციების ლიდერის, სტატუსი საფრთხის ქვეშაა.

სტივენ კანი აცხადებს, რომ სტატია გამოქვეყნდა სპეციალური დისკლეიმერით, რომელშიც ADA-ს ხელმძღვანელობა დისტანცირებას ახდენდა ავტორთა მოსაზრებებისგან. მიუხედავად ამისა, საკუთარი ჟურნალის სარედაქციო მასალის გავრცელების გამო წამყვანი ექსპერტების გაძევებამ სამეცნიერო საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.