რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილი ნავთობის ტანკერი ინგლისის არხში შევიდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სანქცირებული გემი ამ წყალგამყოფს მიუახლოვდა მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა ძალებმა Smyrtos-ის ბორტზე ოპერაცია ჩაატარეს.

„Forwarder“-ის სახელით ცნობილი, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი, გასულ კვირას პრიმორსკის პორტიდან დაიძრა. გემის გადაადგილების მონაცემების მიხედვით, ის ოთხშაბათს საღამოს შევიდა არხში და სამხრეთის მიმართულებით აგრძელებს მოძრაობას. მისი საბოლოო დანიშნულების პუნქტად ჩინეთის პორტი დონგიინგია მითითებული.

Smyrtos-ის ინციდენტის შემდეგ, სანქცირებული გემების უმეტესობამ ინგლისის არხის გავლისგან თავი შეიკავა. საზღვაო მონაცემები აჩვენებს, რომ არაერთმა ხომალდმა კურსი შეიცვალა, რათა ბრიტანული წყლებისთვის თავი აერიდებინა. ამჟამად, ტანკერის სიახლოვეს სამეფო საზღვაო ფლოტის ხომალდი, HMS Tyne, ოპერირებს.

„Forwarder“ დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ 2025 წელს დაწესებული სანქციების ქვეშ იმყოფება. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მთავრობამ გემი ნავთობის კონტრაბანდაში დაადანაშაულა, ხომალდმა სახელი ორჯერ შეიცვალა. სატელიტური სურათებით დასტურდება, რომ გემმა ნავთობი ბალტიის ზღვის უმსხვილეს ექსპორტ-ტერმინალ პრიმორსკში ჩაიტვირთა.

კრემლი „ჩრდილოვანი ფლოტის“ საშუალებით, რომელიც 700-ზე მეტი მოძველებული ტანკერისგან შედგება, დასავლური სანქციების გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტს ახორციელებს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, სწორედ ამ ფლოტზე მოდის რუსეთის მიერ გატანილი სანქცირებული ნავთობის 75%.

არსებობს ინფორმაცია, რომ რუსულ ტანკერებს ხშირად სამხედრო ხომალდები, მათ შორის „ადმირალ გრიგოროვიჩი“ ესკორტირებენ. თუმცა, უცნობია, თან ახლავს თუ არა ეს ფრეგატი „Forwarder“-ს. თავად „ადმირალი გრიგოროვიჩი“ სამშაბათს ინციდენტში მონაწილეობდა, როდესაც ბრიტანული იახტის მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „Forwarder“-ის დაკავება Smyrtos-ისგან განსხვავებით ნაკლებად მოსალოდნელია. ყოფილი ბელგიელი სამხედრო მეზღვაური ფრედერიკ ვან ლოკერენი განმარტავს, რომ რუსული დროშის მქონე გემზე თავდასხმა პირდაპირ რუსეთთან ესკალაციას ნიშნავს. Smyrtos-ის შემთხვევაში კი ბრიტანეთს სამართლებრივი ბაზა ჰქონდა, რადგან გემი რეგისტრირებული დროშის გარეშე მოძრაობდა.