უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობები სერიოზული დიპლომატიური კრიზისის ზღვარზეა. დაძაბულობის მიზეზი ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება გახდა, რომლითაც უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ერთ-ერთ დანაყოფს „უკრაინელ ნაციონალისტთა არმიის“ (UPA) სახელი ეწოდა.

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი ადასტურებს, რომ განიხილავს ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის საკითხს. ეს პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა.

პოლონური მხარისთვის UPA-სთან ასოციაცია მიუღებელია. ვარშავა ამ ორგანიზაციას 1943-45 წლებში ვოლინში ეთნიკური პოლონელების გენოციდში ადანაშაულებს, რა დროსაც, ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 100 000 პოლონელი დაიღუპა. პოლონელი პოლიტიკოსების ნაწილი ამ ნაბიჯს „მკვლელების განდიდებად“ აფასებს.

უკრაინაში კი UPA-ს წევრებს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებად მიიჩნევენ, რომლებიც საბჭოთა არმიას, ნაცისტურ გერმანიასა და პოლონურ ძალებს ებრძოდნენ. თავად ზელენსკიმ განკარგულებაში აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი „ეროვნული არმიის ისტორიული ტრადიციების აღდგენას“ ემსახურება.

კრიტიკა პოლონეთის პოლიტიკური სპექტრის ყველა ფრთიდან ისმის. ოპოზიციური პარტიები კიევთან ურთიერთობების გადახედვას ითხოვენ, ხოლო ულტრამემარჯვენე „კონფედერაციის“ ლიდერმა კშიშტოფ ბოსაკმა მოითხოვა, პოლონეთმა შეწყვიტოს უკრაინის არმიისთვის Starlink-ის სერვისების დაფინანსება და დაბლოკოს კიევის ევროკავშირში გაწევრიანება.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა აღიარა, რომ დიპლომატიური მცდელობები დაძაბულობის განმუხტვისთვის ჯერჯერობით უშედეგოა. ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი ვარშავაში სიტუაციის ჩასაცხრობად ჩავიდა, თუმცა ვიზიტმა შედეგი ვერ გამოიღო.

მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა და მილიონობით უკრაინელ ლტოლვილს მასპინძლობს, არსებობს შიში, რომ ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს სამომავლო თანამშრომლობაზე. დაძაბულობის ფონზე, ვარაუდობენ, რომ ზელენსკი შესაძლოა არ დაესწროს გდანსკში დაგეგმილ უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციას.

დონალდ ტუსკი მოუწოდებს მხარეებს, თავი შეიკავონ კონფლიქტის ესკალაციისგან. მისი თქმით, თანამშრომლობა ორივე სახელმწიფოს ინტერესებშია, ხოლო კონფლიქტი მხოლოდ მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს.