აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილი თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) ახალი პროექტი საქართველოს მიმართ ვაშინგტონის მიდგომების გამკაცრებას ისახავს მიზნად. დოკუმენტი პირდაპირ ავალდებულებს აშშ-ის შესაბამის უწყებებს, მოამზადონ კლასიფიცირებული ანგარიში საქართველოში მოქმედი რუსული და ჩინური სადაზვერვო ქსელების შესახებ.

კანონპროექტის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ქვეყანაში ოპოზიციონერი ლიდერებისა და აქტივისტების დაკავების ფაქტებზე. დოკუმენტის თანახმად, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი ხდება.

პენტაგონს ასევე დაევალება სპეციალური ანგარიშის მომზადება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დააყენოს აშშ-მა პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი ორმხრივი სამხედრო და თავდაცვითი კონტაქტების ფარგლებში. კანონმდებლობა სახელმწიფო დეპარტამენტს ავალდებულებს, შეიმუშაოს ხუთწლიანი სტრატეგია, რომელიც შეაფასებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებსა და საქართველოს სწრაფვას დასავლური ეკონომიკური ინტეგრაციისკენ.

ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ეკა აქობია მიიჩნევს, რომ კონგრესმა „MEGOBARI Act“-ის შეფერხების გამო, ალტერნატიული გზა აირჩია და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეფასებები პირდაპირ ყოველწლიურ თავდაცვის აქტში (NDAA) ჩააშენა. აქობიას თქმით, ეს მიდგომა უფრო სტაბილურია და ნაკლებად ექვემდებარება პოლიტიკურ ბლოკირებას.

კანონპროექტის მიხედვით, აშშ-ის მომავალი სამხედრო დახმარება და ერთობლივი წვრთნები სამართლებრივად დაუკავშირდება იმას, თუ როგორ ექცევა თბილისი პოლიტიკურ პატიმრებს და როგორია მისი დამოკიდებულება აშშ-ის მთავარი გეოპოლიტიკური მეტოქეების მიმართ. კომიტეტის დონეზე ტექსტი უკვე დამტკიცებულია და მასში ცვლილებების შეტანა აღარ იგეგმება.

კონგრესის მიერ მოთხოვნილი სტრატეგია 2026 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა მომზადდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეფასებისა და მონაცემთა შეგროვების პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს კანონის ძალაში შესვლამდე, აღნიშნული ნაბიჯი უკვე წარმოადგენს მკაფიო პოლიტიკურ სიგნალს ვაშინგტონის მხრიდან.