ევროპარლამენტის უახლესი ანგარიში და მიღებული რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებისთვის მკაფიო სიგნალია, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი სრულად არის შეჩერებული. „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას თქმით, არსებული რეალობის პირობებში კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფორმალურ, უშინაარსო ფიქციად იქცა.
გეგელიას განცხადებით, პრობლემები, რომლებიც დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებობს, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მისი თქმით, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ზეწოლა ოპონენტებსა და კრიტიკულ მედიაზე, ასევე გაათავისუფლოს პოლიტიკური მოტივაციით დევნილი პირები.
კრიზისიდან გამოსვლის გზები
პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, საქართველო „მაჩანჩალას“ როლში აღმოჩნდა. გეგელიას თქმით, ხელისუფლებამ დაკარგა ყველა ის ბერკეტი, რომელიც ქვეყანას წლების განმავლობაში ჰქონდა.
„კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააუქმოს დრაკონული კანონები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დაიწყოს საერთო ეროვნული დიალოგი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
გეგელიამ ხაზი გაუსვა, რომ „ძლიერი საქართველო - ლელომ“ დეესკალაციის გეგმა ჯერ კიდევ ორი თვის წინ წარადგინა. მისი თქმით, დღეს უკვე ყველა მხარე აცნობიერებს, რომ ეს ერთადერთი სწორი გზაა, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯები კვლავ არ იკვეთება.
მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავად აღიარეს, რომ იციან, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ურთიერთობების გამოსასწორებლად, თუმცა ამას შეგნებულად არ აკეთებენ. გეგელიას შეფასებით, „ქოცური“ პოლიტიკის შედეგად ქვეყანა რისკავს უვიზო მიმოსვლის შეჩერებასაც კი, რაც საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას უდიდეს დარტყმას აყენებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.