პოლონეთის ქალაქ ბიალა-პოდლიასკაში რუსი მხატვარი სემიონ სკრეპეცკი მოკლეს. 44 წლის მამაკაცი, რომელიც კრემლისა და რამზან კადიროვის მკაცრი კრიტიკით იყო ცნობილი, საკუთარ საცხოვრებელთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

შემთხვევის ადგილზე პოლონეთის პროკურატურამ 9 mm Luger GEC კალიბრის მასრები და ტყვია აღმოაჩინა. საგულისხმოა, რომ ანალოგიური კალიბრისა და მარკის ვაზნები გამოიყენეს 2019 წელს ბერლინში, ქართველი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისას.

დაკავება და ოფიციალური პოზიცია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაადასტურა, რომ ლუბლინის პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. ტუსკის თქმით, დაკავებული პირი საქართველოს პასპორტს იყენებს.

„ლუბლინის პოლიციამ რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა! ის საქართველოს პასპორტს იყენებს. სამსახურები მკვლელობის ორგანიზატორის დადგენაზე მუშაობენ“, - განაცხადა პრემიერმა.

მსხვერპლის შესახებ

სემიონ სკრეპეცკი ქალაქ ბიალა-პოდლიასკაში 2021 წლიდან ცხოვრობდა. პოლონეთის ხელისუფლებამ მას ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა. ხელოვანი აქტიურად აკრიტიკებდა რუსეთის პოლიტიკურ რეჟიმს, რაც, სავარაუდოდ, მისი დევნის მიზეზი გახდა.

მკვლელობის შემდეგ პოლიციამ ბიალა-პოდლიასკაში მდებარე საკონსულოსთან ორი ბელარუსის მოქალაქე დააკავა, თუმცა მათთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ. პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურები ამჟამად დანაშაულის დამკვეთების იდენტიფიცირებაზე მუშაობენ.