მაკგილის უნივერსიტეტის როზალინდ და მორის გუდმანების კიბოს ინსტიტუტის მეცნიერებმა კიბოს იმუნოთერაპიაში მნიშვნელოვან მიღწევას მიაღწიეს. მათ შეიმუშავეს ახალი მიდგომა, რომელიც ორგანიზმის ბუნებრივ დამცავ მექანიზმს — „ბუნებრივ მკვლელ“ (NK) უჯრედებს სიმსივნესთან ბრძოლის უნარს უორმაგებს.
როგორ მუშაობს ახალი ტექნოლოგია
კვლევის თანახმად, სიმსივნეებს ხშირად აქვთ დამცავი ბარიერები, რომლებსაც იმუნური სისტემა ვერ ერევა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ორი კონკრეტული ცილის ბლოკირებით, NK უჯრედები გაცილებით ეფექტურად ამოიცნობენ და ანადგურებენ კიბოს უჯრედებს. ეს პროცესი არ გულისხმობს გენეტიკურ ინჟინერიას, რაც მას უფრო უსაფრთხოს ხდის.
ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, მკვლევარებმა გამოიყენეს მცირე მოლეკულური პრეპარატები, რომლებიც დროებით ზრდიან უჯრედების აქტივობას. რადგან ცვლილებები შექცევადია, მკურნალობის კონტროლი გაცილებით მარტივია და გვერდითი ეფექტების რისკიც მინიმუმამდეა დაყვანილი.
პრაქტიკული უპირატესობები
კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ის, რომ თერაპიაში გამოყენებული უჯრედები ჭიპლარის სისხლიდან არის მიღებული. ეს ნიშნავს, რომ პაციენტებს აღარ დასჭირდებათ საკუთარი უჯრედების მორგება და ლაბორატორიული მომზადება, რაც ამჟამინდელ მეთოდებს ხანგრძლივსა და ძვირადღირებულს ხდის.
„ეს მიდგომა იმუნოთერაპიას უფრო სწრაფს, უსაფრთხოსა და ხელმისაწვდომს გახდის, რადგან თავიდან გვარიდებს უჯრედების პერსონალიზაციის რთულ პროცესს“, — აცხადებს კვლევის თანაავტორი ჩუ-ჰან ფენგი.
შედეგები და პერსპექტივები
წინასწარი კვლევებისას, გაძლიერებულმა უჯრედებმა წარმატებით გაანადგურეს აგრესიული სიმსივნეების ნიმუშები, მათ შორის ლეიკემიის, გლიობლასტომის, თირკმლისა და მკერდის სამმაგად ნეგატიური კიბოს შემთხვევებში. ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ მიდგომა სიმსივნის ზრდას მნიშვნელოვნად ანელებს.
სამეცნიერო ჯგუფი გეგმავს, რომ უახლოეს მომავალში კლინიკური ცდები ადამიანებზეც დაიწყოს. პირველადი სამიზნე, სავარაუდოდ, მწვავე მიელოიდური ლეიკემია იქნება, რომლისთვისაც დღეისთვის ეფექტური მკურნალობის არჩევანი შეზღუდულია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.