სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მიაღწიეს გარღვევას, რომელმაც შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს სახსრების დაავადებების მკურნალობა. კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, მკვლევრებმა შეძლეს დაზიანებული ხრტილის აღდგენა ცილა 15-PGDH-ის ბლოკირების გზით.
ოსტეოართრიტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ხრტილის თანდათანობით დაშლას იწვევს. დღემდე არსებული მედიკამენტები მხოლოდ ტკივილის შემსუბუქებაზე იყო ორიენტირებული, ხოლო მძიმე შემთხვევებში პაციენტებს ქირურგიული ჩარევა და სახსრების ჩანაცვლება უწევთ.
როგორ მუშაობს ახალი მეთოდი?
მეცნიერებმა 15-PGDH ცილას „გეროზაიმი“ უწოდეს. ეს ცილა ასაკთან ერთად ორგანიზმში ჭარბად გამომუშავდება და ქსოვილების ფუნქციონირების დაქვეითებას უწყობს ხელს. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ამ ცილის ბლოკირება ხრტილოვან უჯრედებს აიძულებს, დაუბრუნდნენ უფრო ახალგაზრდა, ფუნქციურ მდგომარეობას.
აღსანიშნავია, რომ პროცესი არ ეყრდნობა ღეროვან უჯრედებს. ხრტილის წარმომქმნელი უჯრედები, ქონდროციტები, თავად ცვლიან გენეტიკურ აქტივობას და იწყებენ ახალი, ჯანსაღი ჰიალინური ხრტილის გამომუშავებას.
ეს არის ზრდასრული ქსოვილის რეგენერაციის ახალი გზა, რომელსაც დიდი კლინიკური პოტენციალი აქვს, - განაცხადა პროფესორმა ჰელენ ბლაუმ.
კვლევის შედეგები და იმედები
ლაბორატორიულმა ტესტებმა თაგვებზე აჩვენა, რომ მკურნალობის შემდეგ გათხელებული ხრტილი კვლავ გასქელდა და ფუნქციონირება აღიდგინა. უფრო მეტიც, მკვლევრებმა წარმატებას მიაღწიეს ACL-ის (წინა ჯვარედინი იოგის) დაზიანებების მოდელებშიც, სადაც მკურნალობამ ართრიტის განვითარება თავიდან აიცილა.
ადამიანის ქსოვილებზე ჩატარებულმა ცდებმაც დამაიმედებელი შედეგი აჩვენა. მუხლის სახსრის ჩანაცვლების ოპერაციების დროს აღებულმა ნიმუშებმა, 15-PGDH-ის ინჰიბიტორთან კონტაქტის შემდეგ, ახალი ქსოვილის წარმოქმნა დაიწყო. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება კლინიკური კვლევები, რაც პაციენტებს ქირურგიული ჩარევის გარეშე გამოჯანმრთელების შანსს მისცემს.
მომავალში, ეს მიდგომა შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს როგორც ადგილობრივი ინექციების, ისე პერორალური მედიკამენტების სახით.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.