ბრიტანელმა არქეოლოგებმა სტოუნჰენჯიდან დაახლოებით 5 კილომეტრის დაშორებით, ბულფორდის დასახლებაში, პრეისტორიული ნაგებობის კვალი მიაკვლიეს. მეცნიერების დასკვნით, აღმოჩენილი ნაშთები სტოუნჰენჯზე დაახლოებით 500 წლით უფროსია.

გათხრების შედეგად მიწაში ორი ორმო აღმოაჩინეს. მკვლევართა თქმით, ეს ორმოები ხის ბოძებს იკავებდა, რომლებიც ზუსტად ისე იყო განლაგებული, რომ ზაფხულისა და ზამთრის მზებუდობის დროს მზის ამოსვლასა და ჩასვლას ემთხვეოდა.

Tony Jolliffe/BBC News

არქეოლოგმა ფილ ჰარდინგმა, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობდა, აღნიშნულ აღმოჩენას თავისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი უწოდა. მისი თქმით, ბოძების განლაგება ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ აზროვნებდნენ და როგორ სცემდნენ პატივს ზეციურ სხეულებს 5000 წლის წინ მცხოვრები ადამიანები.


სტოუნჰენჯისგან განსხვავებით, ბულფორდის ნაგებობა გაცილებით მარტივი იყო და მხოლოდ ორი ხის ბოძისგან შედგებოდა. მათი სიმაღლე 2-დან 4 მეტრამდე მერყეობდა, ხოლო ერთმანეთისგან 120 მეტრის დაშორებით იყვნენ განლაგებული.

არქეოასტრონომმა ფაბიო სილვამ, ბორნმუთის უნივერსიტეტიდან, „ზეციური საათის“ რეკონსტრუქცია მოახდინა. მან გაითვალისწინა მზის, მთვარისა და პლანეტების პოზიციების ცვლილება საუკუნეების განმავლობაში და დაადასტურა, რომ ბოძები მზებუდობის წერტილებს ზუსტად ემთხვეოდა.

გათხრებისას აღმოჩნდა სხვა არტეფაქტებიც, მათ შორის კერამიკული ჭურჭელი, ცხოველის ძვლები და ფლინტის იარაღები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნეოლითური ეპოქის იშვიათი, დისკოსებრი ფორმის დანა, რომელიც, მეცნიერთა აზრით, შესაძლოა სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა.

ისტორიკოს ჯენიფერ ვექსლერის თქმით, ბულფორდის აღმოჩენა მიგვანიშნებს, რომ სტოუნჰენჯის პირველ მშენებლებს შესაძლოა სწორედ ეს ადგილი ჰქონდათ საცხოვრებლად ან სეზონური შეკრებებისთვის. უძველესი ფერმერებისთვის კი მზის ციკლს კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მათი გადარჩენა სეზონურ ცვლილებებზე იყო დამოკიდებული.

Wessex Archaeology