BMW ევროპაში ავტომობილების წარმოების პროცესში ჰუმანოიდი რობოტების ჩართვას იწყებს. Hexagon Robotics-ის მიერ შექმნილი ორი რობოტი, სახელად Aeon, ამ ზაფხულიდან ლაიფციგის ქარხანაში საცდელ რეჟიმში უკვე მუშაობს.

ავტოინდუსტრიაში რობოტული ხელები და ავტომატიზებული სისტემები ათწლეულებია გამოიყენება, თუმცა ჰუმანოიდი ფორმის რობოტებზე გადასვლა სტრატეგიული ცვლილებაა. BMW-ს პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაიკლ ნიკოლაიდესი აცხადებს, რომ მსგავსი ფორმის რობოტების უპირატესობა მათი ადაპტირებაა: მათ შეუძლიათ იმუშაონ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე, სადაც დღეს ადამიანია დასაქმებული.

ტექნიკური შესაძლებლობები და ფუნქციონალი

Aeon-ის მოდელი 1.65 მეტრის სიმაღლისაა და 60 კილოგრამს იწონის. რობოტი აღჭურვილია 21 სენსორით, მათ შორის კამერებით, რადარით, მიკროფონით და ძალის განმსაზღვრელი სენსორებით. ის წამში 2.4 მეტრს ფარავს და შეუძლია 15 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა.

რობოტის ბატარეა სამ საათს ძლებს. ვინაიდან ცვლა რვა საათს გრძელდება, დიზაინერებმა ისე შექმნეს სისტემა, რომ რობოტს თავად შეუძლია ბატარეის შეცვლა სულ რაღაც სამ წუთში, დამტენ სადგურთან მისვლის ჩათვლით.

როგორ სწავლობენ რობოტები?

BMW-მ რობოტების მომზადება ტელეოპერაციისა და ციფრული სიმულაციის კომბინაციით განახორციელა. Nvidia-ს პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, რობოტები ქარხნის ციფრულ მოდელში გადიოდნენ ვარჯიშს. ამ პროცესს „მიბაძვით სწავლებას“ უწოდებენ, რაც გულისხმობს რობოტის მიერ ადამიანის მოძრაობების ვიდეოების ან სენსორული მონაცემების საშუალებით შესწავლას. ეს მეთოდი სწავლების დროს თვეებიდან დღეებამდე ამცირებს.

Hexagon Robotics-ის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მალე რობოტები უბრალოდ ადამიანის დაკვირვებით შეძლებენ დავალებების შესრულებას, თუმცა ეს ტექნოლოგია სრულყოფამდე ჯერ კიდევ ერთი-ორი წლით არის დაშორებული.

რატომ ჰუმანოიდი?

ექსპერტების თქმით, ტექნოლოგიების გაიაფებამ შესაძლებელი გახადა რობოტების ინტეგრაცია არსებულ საწარმოო ხაზებში, ნაცვლად მთელი ქარხნის რობოტებზე მორგებისა. გარდა ამისა, ჰუმანოიდები უფრო მოქნილები არიან ცვალებად გარემოში. თუ სტანდარტული სამრეწველო რობოტი დეტალის უმნიშვნელო გადაადგილებისას მწყობრიდან გამოდის, ჰუმანოიდს შეუძლია სიტუაცია გააანალიზოს და მუშაობა გააგრძელოს.

BMW-სთვის ეს ნაბიჯი კადრების დეფიციტის პრევენციის საშუალებაცაა. კომპანია აცხადებს, რომ რობოტები შეასრულებენ რუტინულ და ფიზიკურად დამღლელ სამუშაოებს, რაც, მათი აზრით, ახალ ტექნოლოგიურ სამუშაო ადგილებს შექმნის, ისევე როგორც ეს 70-იან წლებში ავტომატიზაციის დანერგვისას მოხდა.