დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიასთან გამართულ საპროტესტო აქციებს წყვეტენ. გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც ერთ-ერთმა მშობელმა, თამარ გოგალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, ეს შეთანხმება ბავშვების გამარჯვებაა. მისი თქმით, საქართველო დღეიდან იწყებს იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც ამ დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობას უზრუნველყოფს.

„საქართველოს შეუძლია უკვე დღეიდან, რომ უმკურნალოს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ პაციენტებს. ჩვენი ქვეყანა შედის იმ სახელმწიფოთა სიაში, სადაც ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურ ფაზაში გადადის“, – აღნიშნა გოგალაძემ.

მშობლის განმარტებით, საუბარია ორ კონკრეტულ მედიკამენტზე, რომელთა ეფექტურობა პაციენტებზე უკვე დამტკიცებულია. პროცესის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, მშობლებმა გადაწყვიტეს, აქციები შეწყვიტონ და თანამშრომლობის რეჟიმში გადავიდნენ.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი. ეს ჯგუფი აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების დროულად მიწოდების საკითხებზე.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ფარმაცევტულ კომპანიებთან შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით მიიღებენ.

ამ ეტაპზე პროცესი უკვე დაწყებულია და მხარეები ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს იწყებენ, რათა პაციენტებმა მკურნალობა რაც შეიძლება მოკლე დროში მიიღონ.