Air India-ს ავიაკატასტროფიდან, რომელმაც 260 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთი წელი გავიდა. ინდოეთის საჰაერო შემთხვევების გამოძიების ბიურო (AAIB) აცხადებს, რომ ტრაგედიის მიზეზების დადგენა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო ანგარიში მისი დასრულებისთანავე გახდება საჯარო.

ოფიციალური უწყების ცნობით, გამოძიებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ექსპერტები დეტალურად სწავლობენ თვითმფრინავის სისტემებს, ფრენის მონაცემთა ჩამწერებს, ძრავის კომპონენტებს, ასევე ტექნიკური მომსახურებისა და ოპერაციულ ჩანაწერებს. მიუხედავად ამისა, კონკრეტული თარიღი, როდის დასრულდება პროცესი, ჯერჯერობით უცნობია.

რა მოხდა 2025 წლის 12 ივნისს?

Boeing 787 Dreamliner-ი აჰმედაბადიდან ლონდონის მიმართულებით აფრინდა, თუმცა აფრენიდან მალევე ტრაგედია დატრიალდა. კატასტროფის ზუსტი მიზეზი საზოგადოებაში მწვავე კამათის საგანია.

გასული წლის ივლისში გამოქვეყნებულმა წინასწარმა ანგარიშმა აჩვენა, რომ აფრენიდან სულ რამდენიმე წამში საწვავის კონტროლის გადამრთველები მოულოდნელად „გათიშვის“ (cut-off) პოზიციაში გადავიდა. ამან ძრავების საწვავით მომარაგება შეწყვიტა და თვითმფრინავის სრული გათიშვა გამოიწვია.

კაბინის ჩანაწერები და სპეკულაციები

გამოძიებისთვის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას კაბინის აუდიოჩანაწერები წარმოადგენს. მასში ისმის, როგორ ეკითხება ერთი პილოტი მეორეს, თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რაზეც მეორე პასუხობს, რომ მას მსგავსი ქმედება არ განუხორციელებია. გამომძიებლებს ჯერ არ დაუდგენიათ, ვინ წარმოთქვა ეს სიტყვები.

გასულ წელს მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ გამოძიების ყურადღება უფროსი პილოტის, კაპიტან საბჰარვალისკენ იყო მიმართული. Reuters-ის ინფორმაციით, ჩანაწერები თითქოს მხარს უჭერს ვერსიას, რომ სწორედ კაპიტანმა შეწყვიტა საწვავის მიწოდება ძრავებისთვის. თუმცა, ამ ინფორმაციას ინდოეთში პილოტების ასოციაციების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რომლებმაც უარყვეს ბრალდებები კაპიტნის მიმართ.